ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში. იაშვილის ქირურგებმა ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია – ამის შესახებ „პრაიმ თაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.
მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.
არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია – იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.

