პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ ადამიანი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, მისთვის პოლიტიკოსობა და ჟურნალისტობა ინდულგენცია ვერ იქნება.
როგორც წულუკიანმა გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს აღნიშნა, არცერთ პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს შანტაჟის უფლება.
“მივხვდით, რომ სულაც არ არის მიუღებელი კანონი გამოიყენო ისე, როგორც კანონში წერია. ამაზე საუბრობდა დღეს მამუკა მდინარაძე, რომ არ მისცე ჟურნალისტს თუ უცხოელს უფლება მუდმივი შანტაჟის ქვეშ ჰყავდე, იმიტომ, რომ საბოლოოდ სახელმწიფოსთვის ეს არის ძალიან ცუდი.
თუ ყველა ვიფიქრებთ, რომ მე პოლიტიკოსი ვარ და ამიტომ ვერ ჩამსვამს ვერავინ ციხეში, თუ ცუდად მოვიქცევი და კანონს დავარღვევ, ეს ინდულგენცია ვერ იქნება. სამწუხაროდ, დიდხანს იყო ეს ინდულგენცია, რას იტყვი უცხოელი. რვა წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში და ძალიან ბევრი უცხოელის გვარისა და სახელის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც მოდიოდა და ზეწოლას ახდენდა ჩვენზე, ჩემზე, სხვებზე, ჩემს კოლეგებზე. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვითვალისწინებდით.
ჟურნალისტი ვარ და ვიშიმშილებ – ეს არ უნდა იყოს ვიღაცის ხელში იარაღი, თუმცა მას ასე სჯერა, ეს მისი უფლებაა და ასე იქცევა. ჩვენი ვალდებულებაა და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანმრთელობა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს. ჩვენ თუ მივეჩვევით იმას, რომ პოლიტიკოსობა, ჟურნალისტობა არ იძლევა ყველაფრის უფლებას, პროტესტის გამოხატვაც უფრო ეფექტიანი იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.