ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრაზე შესთავაზა, განიხილონ „რადიო თავისუფლების“ მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, მათ შორის, „რადიო თავისუფლების“ შესყიდვა.
ლიპავსკის თქმით, მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე წამოჭრა „რადიო თავისუფლების“ საკითხი, რათა გაერკვია, „ხედავენ თუ არა პარტნიორები ღირებულებას მისი საქმიანობის გაგრძელებაში“.
„თუ ჩვენ „რადიო თავისუფლებში“ ღირებულებას ვხედავთ და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, მაშინ აქვს აზრი, განვიხილოთ მისი მომავლის უზრუნველყოფის გზები, მათ შორის მისი შესყიდვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ აქვს შესაძლებლობა, ავტომატურად აიღოს თავის თავზე „რადიო თავისუფლების“ დაფინანსება, მაგრამ უნდა შეისწავლოს სიტუაცია და გაიგოს, რა გზით შეუძლია დაეხმაროს პროექტს.