ეს დენი დევიტოს დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია, რომელმაც საკუთარი სისუსტე სიძლიერად აქცია და უამრავ ადამიანს დაკარგული რწმენა დაუბრუნა.
დენიელ მაიკლ დევიტოს გზა ნიუ ჯერსიდან იწყება. დევიტო მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით დაიბადა. ეს პათოლოგიაა, რომლის დროსაც სახსრისა და მისი შემადგენელი ელემენტების განვითარება სათანადოდ ვერ ხდება. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 52 სანტიმეტრია. განსხვავებული გარეგნობის გამო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისნაირები წარმატებას ვერასდროს აღწევდნენ. იტალიურ-ალბანური წარმომავლობის ოჯახში გაზრდილი პატარა ბიჭუნა მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მალე ცნობილი მსახიობი გახდებოდა – მის სახელს კი მსოფლიო ბევრჯერ გაიგონებდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ის დის სალონში, სტილისტად მუშაობდა. როგორც მსახიობმა მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ეს საქმე ძალიან ართობდა – დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უსმენდა, მათ ისტორიებს განიცდიდა და არც თანაგრძნობის გამოხატვა ავიწყდებოდა. დევიტოს თქმით, ეს გამოცდილება მოგვიანებით პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა. სტილისტად მუშაობის პარალელურად, დევიტომ გადაწყვიტა მაკიაჟის ტექნიკას დაუფლებოდა, რათა უფრო მეტი შემოსავალი ჰქონოდა. ჟურნალ-გაზეთებში საჭირო ინფორმაციის ძებნის დროს კი ერთ-ერთ განცხადებას გადააწყდა – დრამატული ხელოვნების აკადემია სტუდენტებს იწვევდა.
მონდომებული ახალგაზრდა აკადემიაში მალევე მიიღეს – ასე აღმოჩნდა თეატრის სცენაზე. შემდეგ ეკრანზეც გადაინაცვლა – თავიდან პატარა როლებით დაიწყო. მოგვიანებით კი, ერთ-ერთ სანაპიროზე სეირნობისას, მაიკლ დუგლასი გაიცნო. მაშინ დუგლასი ფილმის, სახელწოდებით „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ პროდიუსერი იყო. აღმოჩნდა, რომ მაიკლს ის ამავე ნაწარმოების სასცენო დადგმაში უკვე ნანახი ჰყავდა.
მის მიერ განსახიერებული მარტინის პერსონაჟი კი ძალიან მოსწონდა. ამიტომ, დუგლასმა დენის შესთავაზა, მარტინის როლი ფილმშიც ეთამაშა… შემოთავაზებას მაშინვე დასთანხმდა, სწორედ ამ დროს გაიცნო ჯეკ ნიკოლსონიც, რომელიც დღემდე მისი საუკეთესო მეგობარია.. კინოსურათს უდიდესი წარმატება ხვდა წილად – დევიტო კი ჰოლივუდის წამყვანმა პროდიუსერებმა შეამჩნიეს.
შემდეგ იყო ფილმები – „ქვის რომანი“. „ტყუპები“, სადაც მან არნოლდ შვარცნეგერთან ერთად ითამაშა და იყო კინოსურათი, სახელწოდებით „ტაქსი“, რომელმაც დევიტოს ოქროს გლობუსი და სატელევიზიო ჯილდო „ემი მოუტანა“.
1991 წელს დევიტომ კომპანია „ჯერსი ფილმსი“ დააარსა, რომელმაც ისეთი საკულტო ფილმები გადაიღო, როგორებიც „Reality Bites“ და „Pulp Fiction“ არიან.
კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის 2011 წელს დენი დევიტოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
დევიტოს ცხოვრების თანამგზავრი მსახიობი, რეა პერლმანია, რომელსაც პირველად ჯერ კიდევ 1971 წელს შეხვდა. წყვილს სამი შვილი ჰყავს:
„ჩემს ცოლს ხშირად ეუბნებოდნენ, სულელი ხარ, ამას რომ ხვდებიო? ბევრჯერ ეცადნენ, თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ვერცერთხელ ვერ გატეხეს“
დღეს დენი დევიტო 81 წლისაა. ტკბება ცხოვრებით, ოჯახითა და საყვარელი საქმით.. განსხვავებულობა, რომლის გამოც ბავშვობაში თავს ხშირად დაბლა ხრიდა, ახლა მისი სავიზიტო ბარათი და წარმატების მთავარი გასაღებია.. ის არის კაცი, რომელმაც თავისი ცხოვრებით სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა – რომ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ჯერ საკუთარი თავის თავად უნდა დაიჯეროთ…

