შუქრუთის მაღაროს დირექტორი, სამედიცინო დაწესებულებიდან ქუთაისის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში დაახლოებით 17:00 საათზე გადაიყვანეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, ის მკურნალობას ქუთაისის კლინიკაში განაგრძობს.
თავდასხმიდან რამდენიმე საათში, იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კობერიძეს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება დაიწყეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მანქანას 30 პირმა გზა გადაუკეტა, ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს და ქვები ესროლეს. პიკეტირების ორგანიზატორები მიღებული კომპენსაციების მიუხედავად, პროტესტს და მუქარას ამ დრომდე განაგრძობენ.
მომხდარ ინციდენტთან და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომენტარი ჭიათურის საწარმოების ახალმა მენეჯერმა გააკეთა. მიხაილ სოცკიმ ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შეთანხმება ძალაშია და ჭიათურის მაღაროებში მუშაობა დაგეგმილ ვადებში აღდგება.
დამსაქმებლის, პროფკავშირებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, უკვე შედგა მენუგეშება. ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცებულია. ჭიათურის მაღაროებში დასაქმების სურვილი ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა.
სამმხრივი კომისიის ჯგუფთან შეთანხმებით, კომპანია სამუშაო პროცესის განახლებას 15-20 მაისიდან გეგმავს.