4 ოქტომბერს თბილისში დაკავებული პირის ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
„ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ და 1978 წელს დაბადებული ს.ფ., რ.შ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული პირი გათავისუფლდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.