ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024

შსს – მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს.

ამავდროულად, შსს მოუწოდებს „მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები“.

„საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია, ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაიცვას იგი.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები.

ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კიმბერლი ლოუ – ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, ვეთანხმები, რომ აშშ-ში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოს მიმართ

როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება. ამასთან, კიმბერლი ლოუს შეფასებით, შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ. „ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით შეიძლება, მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე და როგორც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51 პროცენტი წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან, და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა, ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება. გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულამაზეს ქვეყანას მხარდასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში. ასე რომ, ველოდებით ამას. პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში, მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს“, – განაცხადა კიმბერლი ლოუმ.

აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა [ვიდეო]

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ.

ვედანტ პატელი – არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე

ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. „ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტების მშვიდობიანი ხასიათი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მ შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით, რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად“, – აღნიშნა პატელმა.

ვითარება პარლამენტთან – სპეცრაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა.

აფეთქების მომზადების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა, ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები