ოთხშაბათი, დეკემბერი 4, 2024

შსს – ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე პროტესტის მონაწილეთა შეკრებაზე უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.

„შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კიმბერლი ლოუ – ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ, ვეთანხმები, რომ აშშ-ში გარკვეული ქმედებები უსამართლო იყო საქართველოს მიმართ

როგორც ვხვდები, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კიმბერლი ლოუმ განაცხადა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება. ამასთან, კიმბერლი ლოუს შეფასებით, შეერთებულ შტატებში გარკვეული ქმედებები ძალიან უსამართლო იყო საქართველოს მიმართ. „ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით შეიძლება, მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელიც გაწეული გაქვთ წლების განმავლობაში თქვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, თქვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც თქვენ გადადგით ევროკავშირში შესასვლელად. ბევრი სხვა ქვეყანა ახლა დაბნეულია, რა ხდება საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და რატომ შეწყდა ეს მოლაპარაკებები. როგორც ვხვდები, თქვენს ამჟამინდელ მთავრობას არ სურდა ამ მოლაპარაკებების შეწყვეტა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. და ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ამ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ გვსურს, დაგეხმაროთ ევროკავშირში შესვლაში და ჩვენ გვაქვს გზა ამის გასაკეთებლად. ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ. არის დიპლომატიური ურთიერთობების, პრაგმატული და კონსტრუქციული მოლაპარაკებების სხვა გზებიც, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორ ვიმუშავებთ ამაზე? ახლა მაგიდაზე საქართველოსთვის არის ის, რომ მე გავხდები შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში. ამ კუთხით შემიძლია, დავეხმარო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, განვაახლო მოლაპარაკებები ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ერთიანობაზე და როგორც აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, მე შემიძლია, ვიმოქმედო, როგორც შუამავალმა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც ხალხს არ ესმის, არის ის, რომ დემოკრატიაა, როდესაც ხალხის 51 პროცენტი წყვეტს, რას მიიღებს დანარჩენი 49. ეს არის ფაქტი, რაც დემოკრატიითა და პოლიტიკით ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და უზარმაზარ გლობალურ ცვლილებებს ვიხილავთ, რადგან პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას მშვიდობა სურს მსოფლიოში. ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ ამ მშვიდობას საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის წევრობა, მოლაპარაკებების განახლება, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკაზე, ყველა საკითხზე ევროკავშირში შესასვლელად, მაგრამ ასევე სწორია კულტურული იდენტობის შენარჩუნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გასული 20 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ მრავალმა ქვეყანამ დაკარგა თავისი კულტურული იდენტობა მიერთებით, თუმცა არის სარგებელიც. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ თავი იგრძნოს სუვერენულ ქვეყნად, მაგრამ სარგებელი მიიღოს ვაჭრობისგან, და ვიცით, რომ ამის განხორციელება შეგვიძლია. ჩემი მრჩეველი საქართველოში ბესო შენგელიაა, ნობელის მშვიდობის პრიზის ნომინანტი. ის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ ვიმუშავებთ 2025 წლის სამშვიდობო სამიტზე საქართველოში. ეს გრანდიოზული იქნება. გვეყოლება მსოფლიო ლიდერები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც თქვენს ულამაზეს ქვეყანას მხარდასაჭერად ეწვევიან. ჩვენ დაუღალავად ვშრომობდით. ჩვენ გავაერთიანებთ თქვენს ქვეყანას. თქვენ გეოპოლიტიკურად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ხართ და თქვენ გვერდით ვიდგებით ამ პროცესში. ასე რომ, ველოდებით ამას. პრეზიდენტი ტრამპი მოდის ადმინისტრაციაში და თქვენ იხილავთ ცვლილებებს საგარეო დიპლომატიაში, მეტ მშვიდობას მსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთში, უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს“, – განაცხადა კიმბერლი ლოუმ.

აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა [ვიდეო]

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ.

ვედანტ პატელი – არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე

ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. „ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტების მშვიდობიანი ხასიათი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მ შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე და მათთვის იმ მძიმე პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით, რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად“, – აღნიშნა პატელმა.

ვითარება პარლამენტთან – სპეცრაზმმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა.

აფეთქების მომზადების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. დ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა, ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა. პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები