სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ზურაბ ჟვანიას შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა.

მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

“ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.

გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.

ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.

2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.

2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.

დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – განაცხადა მიქაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ლევან დავითაშვილის დაკითხვის დეტალები არ ვიცი, ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება

ლევან დავითაშვილის დაკითხვის დეტალები არ ვიცი, ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს.„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

ვლადიმერ ბოჟაძე: ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა...

ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა , - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“.დეპუტატი ბაჩო ახალაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა.„ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა და როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია კვლავ გადატრიალებაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე ფიქრობს. ეს განცხადებები არის საქართველოს შეურაცხმყოფელი, ქართული პოლიციის და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმას, რომელიც სამწუხაროდ აქვთ ქვეყნის შიდა, თუ გარე მტრებს - ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე ხელისუფლების დამხობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ნებისმიერი გზით.

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დარბაზში სიტყვით გამოვიდნენ ფრაქციების თავმჯდომარეები. გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები. საპარლამენტო ჯგუფებმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასეს. ისაუბრეს ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე.საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას."პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო ის წინახაზელი, რომელიც წინ აღუდგა საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიურ პოლიტიკას. ძალიან დიდი ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, რომ საქართველოს ის დაკვეთილი პოლიტიკა განეხორციელებინა, რაც რეალურად მოზიარეს გახდიდა ბედისა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინას ეგო. ამაში იყო ჩართული ქართული NGO სექტორი და მსხვილად დაფინანსებული, ყველაზე მეტად აქტიური წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოს სწორედ ომისკენ ექაჩებოდა და უქადდა ცხელი ბომბების ცვენას საკუთარ სამშობლოში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

იზა ომაძე: სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო [ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი...

„სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას“, - განუცხადა „ქრონიკას“ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ.მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით.„რასაც ვამბობდი, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი. ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან.ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, მე დედა მისი საქმის შესახებ ვერ გავმართავდი ჭორაობას. ველოდებოდი სამართლებრივად განმტკიცებულ მასალას, თუმცა ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, მოტივი დაუჯერებელი იყო. მე არ ვიცი რა დაპირისპირებაზეა საუბარი. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით“, - აღნიშნა მან.ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია.„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს. ძალიან კარგი. სამხედრო თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, საშიში აღჭურვილობაა, მაგრამ ამაზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლიაამ თვითმფრინავის ზღვის ფსკერზე გაშვება“, – აღნიშნა ხამენეიმ.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, „შედეგები ძალიან მძიმე იქნება“. თავის მხრივ, ირანში აღნიშნავენ, რომ არ შეეგუებიან მუქარას და მზად არიან საპასუხო დარტყმისთვის.

ბოლო სიახლეები