კვირა, დეკემბერი 14, 2025

შეიცავდა თუ არა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი – გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასული უხამსობის შემცველ სიუჟეტთან დაკავშირებით იმსჯელა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. სიუჟეტი შეიცავდა არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში უხამსობის შემცველი გადაცემები განსაკურებით ხშირად ბოლო პერიოდში ვრცელდება. კომუნიკაციების კომისიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვან მედიაგარემოში ყველაზე დიდი პრობლემა, სწორედ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები და გამონათქვამებია, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დღეს საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა, დაფიქსირებული არგუმენტების გათვალისწინებით კომისია გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე მიიღებს.

უხამსობის შემცველი გადაცემების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და მაუწყებლებს მოუწოდა, დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და არ განათავსონ ეთერში ადამიანების ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემები. კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ გზით დაიცავს საზოგადოებას ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი სამაუწყებლო პროგრამებით გამოწვეული ზიანისაგან.

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით მაუწყებლებს ეკრძალებათ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას და რომელიც ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითადი უფლებების შემლახავია. თავის მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უხამსობაა ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლების დარღვევას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენა და მაყურებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ არაეთიკური ლექსიკის შემცველ გადაცემასთან დაკავშირებით იმსჯელა. 2020 წლის 31 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ განიხილა საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ გადაცემას ეხებოდა. კერძოდ, ტელეარხი ,,ფორმულა“ ყოველდღიურად, 12:30 საათიდან 14:00 საათამდე მონაკვეთში აჩვენებდა სერიალს ,,ჩემი ცოლის დაქალები“, რომლის თითქმის ყველა სერიაში იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება. კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება განპირობებული იყო სერიალის პერსონაჟის მახასიათებლითა და ნაწარმოების მხატვრული ღირებულებით, რაც გამოყენებული ტერმინების კონტექსტით გამართლების საფუძველია. თუმცა, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ სერიალში გამოყენებული შეურაცხმყოფელი ლექსიკა, მათ შორის კონტექსტით გამართლებული, არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნია, რადგან მაუწყებელი ვალდებული იყო შესაბამისი გადაცემა ეთერში კანონით დადგენილ დროს, სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებით განეთავსებინა.

მედიის მიერ უხამსობის შემცველი, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ფართოა საერთაშორისო მაგალითები და პრაქტიკა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების იდენტიფიცირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების მედიუმს. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ რადიოსა და ტელევიზიას, როგორც ინტიმურ, ოჯახურ გარემოში ინფორმაციის მიღებისა და გართობის საშუალებებს, აქვთ მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი საზოგადოებრივი ეფექტი (Jersild v. Denmark, no. 15890/89, § 31, Murphy v. Ireland, no. 44179/98, §§ 69, 74; Animal Defenders International v. UK, [GC], no. 48876/08, § 119, Centro Europa 7 S.r.l. and Di Stefano v. Italy, [GC], no. 38433/09, § 132). შესაბამისად, აუდიო-ვიზუალური მედიის ბუნებიდან გამომდინარე, მაუწყებლობით გადაცემული შინაარსის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნას მიღებული აუდიტორიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხი. სწორედ აუდიტორიაზე გამოწვეული მყისიერი, ინვაზიური და ძლიერი ეფექტი და აუდიტორიის უფლებების დაცვის ინტერესი განაპირობებს მაუწყებლობის სფეროს რეგულირების საჭიროებას.

საერთაშორისო პრაქტიკაში აუდიო-ვიზუალური მედიის მიერ უხამსობის გავრცელების რეგულირების მიმართულებით ბევრი მაგალითი არსებობს.

ამ მიმართულებით საინტერესოა გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს – კომუნიკაციების ოფისის (Ofcom) პრაქტიკაც. მაგალითად ბრიტანეთის მარეგულირებელმა ერთ-ერთი რადიოს სამაუწყებლო სტანდარტების დარღვევა დაუდგინა იმის გამო, რომ ეთერში მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ჯგუფის “Radiohead”-ის ნაწარმოები “Creep” განთავსდა. Ofcom-მა მიიჩნია, რომ უცენზურო სიტყვის რამდენჯერმე ეთერში განთავსება არ იყო კონტექსტით გამართლებული. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მარეგულირებელს არ შეუფასებია უშუალოდ ნაწარმოებს ჰქონდა თუ არა კულტურული ღირებულება. კომისიის მიერ შეფასდა რამდენად იყო სახეზე უცენზურო სიტყვების გამოყენების აუცილებლობა და რამდენად იყო ეს კონტექსტით გამართლებული ( Ofcom Broadcast and On Demand Bulletin Issue Number 393, 9-10 https://www.ofcom.org.uk/__data/assets/pdf_file/0025/185551/Issue-393-broadcast-and-on-demand-bulletin.pdf )

არანაკლებ საინტერესოა Ofcom-ის გადაწყვეტილება საქმეზე, სადაც ერთ-ერთ მაუწყებელს დარღვევა დაუდგინდა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში არაეთიკური გამონათქვამებით შეურაცხყო რესპოდენტი პოლიტიკოსი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს ეროვნულმა სასამართლოებმა, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის შესაბამისად მიიჩნია და ჟურნალისტის საჩივარი დასაშვებად არ ცნო (Gaunt v UK, no. 26448/12)

სამაუწყებლო ბადეში უხამსობის განთავსება მკაცრად რეგულირდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, კერძოდ, აშშ-ს ფედერალურ კომუნიკაციების კომისიას (FCC) ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მაგალითად, აშშ-ს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ ერთ-ერთი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცა მსოფლიოში ცნობილი კომიკოსის, ჯორჯ კარლინის იუმორისტული მონოლოგი „შვიდი ბინძური სიტყვა“. იმის მიუხედავად, რომ, კომიკოსის მონოლოგს ერთიანობაში ჰქონდა კულტურული და იუმორისტული ღირებულება, მარეგულირებელმა უცენზურო ტერმინების გამოყენება კონტექსტით გამართლებულად არ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ და უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც მოქმედ პრეცედენტად მიიჩნევა (FCC v. Pacifica Foundation, 438 U.S. 726 (1978)

კომისიის გადაწყვეტილება ერთ კვირაში იქნება მიღებული. თემის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დისკუსიის შემდეგ, ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით უნდა იქნას მიღებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები