ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

შალვა პაპუაშვილი: ხელი მოვაწერე კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა

დღეს ხელი მოვაწერე კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონის მიზნები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ კანონის მიღების პროცესმა აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს.

„კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა.

პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში.

გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის.

ამიტომ, ყველაზე იმედგამაცრუებელი, ამ ყვირილით ჩახშობილ დისკუსიაში, ალბათ, ის იყო, რომ ორი თვის განმავლობაში არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება. არცერთი!

ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.

ამ აპოკალიფსურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში.

ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა ხელოვნურად მობერილი ბურუსი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. და ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.

და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი – დადგე საქართველოს მხარეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მცირე ნდობა, რაც ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, ქვეყანა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ქმედებები განახორციელოს.მისივე თქმით, „ირანის მხრიდან ზეწოლა პოლიტიკურად და მორალურად საპირისპირო შედეგს გამოიღებს“.„მცირე ნდობა, რაც ადრე ირანთან არსებობდა, სრულიად განადგურდა“, – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ცნობისთვის, მანამდე საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე – ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობის, ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.როგორც სამძიმრის წერილში საჰიბა გაფაროვა აღნიშნავს, ყოველთვის დიდი პატივისცემით გაიხსენებენ მისი უწმინდესობის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში.„დიდი მწუხარებით მივიღეთ ინფორმაცია გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მისი უწმინდესობა ილია მეორის მიერ კაცობრიობის საკეთილდღეოდ გაწეულ საქმიანობას, მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაში, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო და ჩემი სახელით, აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრების სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ, პარლამენტის წევრებსა და თქვენი ქვეყნის მეგობრულ ხალხს“,  – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.მაკრონის თქმით, ის დონალდ ტრამპსა და კატარის ამირას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ „საერთო ინტერესებიდან“ გამომდინარე, დარტყმების შეჩერება „დაუყოვნებლივ“ უნდა განხორციელდეს.„სამოქალაქო მოსახლეობა და მათი ძირითადი საჭიროებები, ასევე ენერგომომარაგების უსაფრთხოება სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი – ილია მეორე განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს გამჭრიახობით და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ვუსამძიმრებთ საქართველოს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს. 

ბოლო სიახლეები