ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, შუქნიშანი რომ იყოს გამორთული, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჟურნალისტურ სტანდარტებთან, ეს ინიცირებული კანონი აკეთებს იმას, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი

„ფეიკ ნიუსები“, როგორც სტანდარტიდან ამოვარდნილი ჟურნალისტური საქმიანობა,  ექსტრაორდინარულ სიტუაციაში უსაფრთხოებისთვისაც არის გამოწვევა – იქნება ეს სტიქიური უბედურება, სხვა საგანგებო მდგომარეობა, როდესაც „ფეიკ ნიუსმა“ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საზოგადოების, თუ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ სტანდარტის ამოქმედება, რომელიც კანონშია გაწერილი და რომელზეც ყველა თანხმდება.

„გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ნაცვლად თვითრეგულირებისა, ის მედია, რომელიც „ფეიკ ნიუსს“ ავრცელებს, კეტავს კომენტარს, იმის საშუალებასაც არ აძლევს სხვებს, მის გვერდზევე ამხილოს მანიპულაცია, დეზინფორმაცია, თუ კონტექსტიდან ამოგლეჯა ამა თუ იმ საკითხის. გუშინდელი დღე იყო მაგალითი, როგორ შეიძლება „ფეიკ ნიუსმა“, ზოგმა შემდეგ ბოდიშიც მოიხადა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა როცა არის, როცა ექსტრაორდინარული სიტუაციაა, ღმერთმა დაიფაროს ყველა და საომარი მდგომარეობა რომ არსებობდეს, ამ დროს ყველა წამი, როდესაც დეზინფორმაცია არსებობს და მიდის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან, ყოველი ეს წამი აზიანებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ყველა თანხმდება სტანდარტზე, რომელიც კანონში დიდი ხანია წერია და შეთანხმებული სტანდარტია.

„ასევე ვთანხმდებით, რომ არ მოქმედებს ეს სტანდარტები, ასე ვთქვათ, მიშვებულია თვითრეგულაციაზე. ერთადერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ, თუ სტანდარტები სწორია და ვთანხმდებით, ხომ უნდა იმუშაოს ამ სტანდარტებმა, მათ შორის, ზუსტად ეს არის ბრიტანული მოდელი, რომ ამუშავდეს ეს სტანდარტები და არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი ამ სტანდარტების ამოქმედების. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის არცერთ თავმჯდომარეს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფართო სპექტრთან, როგორც მაქვს მე. გარანტიას გაძლევთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ისე ხშირად არ აქვს კომუნიკაცია მედიასთან, ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში, როგორც ეს აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი, ბოლო პერიოდში ვატყობთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გვისწრებს, მე მგონი ყოველ დღე აქვს მედიასთან კომენტარები, თუმცა სხვა მხრივ რომ შეხედოთ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიასთან კომუნიკაციის ლიდერები არიან, არა უბრალოდ ბრიფინგით, თუ გამოსვლით, არამედ ფაქტობრივად „ჰარდ თოქის“ რეჟიმში ერთსაათიანი თოქ შოუები იმართება ასეთი კომენტარების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა მედიის შესახებ კანონის ამოქმედება შუქნიშნის მუშაობას შეადარა.

„ჩავთვალოთ, ეს არის შუქნიშანი, შუქნიშანიც არის გარკვეული წესი, სადაც არის წითელი, ყვითელი, მწვანე ფერები და ვიცით, რას ნიშნავს წითელი, რას ნიშნავს ყვითელი და რას ნიშნავს მწვანე. წარმოიდგინეთ შუქნიშანი რომ არსებობდეს და ის იყოს გამორთული, აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჟურნალისტურ სტანდარტებთან დაკავშირებით. თქვენი მანქანაც კერძო მანქანაა, მაგრამ ის შუქნიშანი ყველასთვის დგას – კერძოსთვისაც, სახელმწიფო მანქანისთვისაც და ყველა უნდა დაემორჩილოს წესებს. ამ წესებზე ყველა ვთანხმდებით. ჟურნალისტური, მედია სტანდარტი მაუწყებლობის კანონში წლებია წერია, ათწლეულები თუ არა და ამაზე ყველა ვთანხმდებით. მათ შორის, თქვენი თვითრეგულაცია თუ არსებობს, არ ვიცი გაქვთ თუ არა ტელევიზიაში, ამ წესების დაცვას უნდა უზრუნველყოფდეთ. ჩვენ ვთანხმდებით წესებზე, ანუ შუქნიშანზე. ვთანხმდებით, რომ წითელი ნიშნავს უნდა გაჩერდე, ყვითელი – მოემზადო, მწვანე – უნდა დაიწყო სვლა. ამ წესებზე ვთანხმდებით, უბრალოდ ეს შუქნიშანი დღეს არის გამორთული, გათიშულია. ეს კანონი რასაც აკეთებს, რომ უნდა ჩავრთოთ ეს შუქნიშანი, რომ ამუშავდეს ეს წესები. დღეს ეს წესები არ მუშაობს, ვთანხმდებით შუქნიშანზე, ვთანხმდებით მის ფერებზე და პრინციპზე. სახელმწიფომ უნდა ჩართოს, როგორც საგზაო მოძრაობაში სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, აქაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. თვითრეგულირება რომ იყოს საგზაო მოძრაობაში, გასაგებია, გვექნებოდა კოლაფსი საგზაო მოძრაობის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლოზ სამხარაძე – თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადონ და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს

პარტიები არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ.„ძალიან მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბრწყინვალე შესაძლებლობა იქნება ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი რეიტინგი კიდევ ერთხელ გაზომონ. დიახ, არჩევნებისთვის მოემზადონ, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ვნახოთ, ქართული საზოგადოება დაუჭერს თუ არა მხარს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში იკადრეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„დემოკრატიის ეროვნულ ფონდს“ (NED) აშშ-ის კონგრესის მიერ გამოყოფილ თანხებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც ორი ათასამდე პარტნიორის მხარდაჭერას აჩერებს

„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ინფორმაციით, კონგრესის მიერ გამოყოფილ თანხებზე წვდომა შეეზღუდა, რის გამოც თითქმის ყველა სახის ოპერაციას აჩერებს.განცხადების თანახმად, პირველად ორგანიზაციის 40-წლიან ისტორიაში, ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს და იძულებული გახდა, შეაჩეროს მხარდაჭერა მსოფლიოში, თითქმის 2 000 პარტნიორისთვის.ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსების 95 პროცენტი კონგრესიდან არის უზრუნველყოფილი და არ განიხილება უცხოურ დახმარებად, თუმცა დაფინანსება განმარტების გარეშე შეწყდა.განცხადების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ მცირე დაფინანსება, როგორც საგარეო დახმარების აღმასრულებელი ბრძანების ნაწილი.„დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ორგანიზაცია თავის სფეროში, რომელიც ყოველი დოლარის 83 ცენტს მიმართავს ძალისხმევაზე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს კორუფციას, ხელს უწყობს ღია მთავრობას და მხარს უჭერს კანონის უზენაესობას. ეს ძალისხმევა არამარტო ადგილობრივ თემებს აძლიერებს, არამედ ქმნის თანაბარი თამაშის პირობებს ამერიკული ბიზნესისა და მუშებისთვის. როდესაც მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ თავისუფლებაში, მათ შეუძლიათ შექმნან უფრო აყვავებული საზოგადოებები – რაც ამერიკას უფრო უსაფრთხოს და კონკურენტუნარიანს ქმნის. კონგრესის მანდატი ეყრდნობა დიდი ხნის ორპარტიულ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს თავისუფლებას მთელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს დაფინანსებაზე წვდომა, რაც შეიძლება მალე განვაახლოთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

ბათუმში ორსართულიანი, ავარიული სახლი ჩამოინგრა, შიგნით მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა  უსაფრთხოდ გამოიყვანეს, ისინი ამ ეტაპზე კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი – გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, ამჟამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია

გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.მისივე თქმით, ამჟამინდელ დაფინანსებებს, მათ შორის სასტიპენდიო პროგრამებს, ეს ჯერ არ შეხებია.„გერმანიის განათლების მინისტრმა გაყინა სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში, საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო. ქართველებმა, რომლებიც უნივერსიტეტებში სწავლობდნენ უმეტესად სტიპენდიებით, იციან ეს დანაკარგი.ამჟამინდელ დაფინანსებას, რომელიც თითქმის 1 მილიონ ევროს შეადგენს, ეს ჯერ არ შეხებია. ასევე ეს ჯერ არ შეხებია ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, მაგალითად, DAAD_Germany-ის პროგრამებს, თუმცა, გერმანია სინანულით აკვირდება და განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს“, – წერს პეტერ ფიშერი.

ირაკლი კობახიძე – სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია

სტიქიის ზონაში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა, რომელიც მაშველებმა ღამის განმავლობაში მთლიანად გაწმინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოფელი შრომა და რამდენიმე მიმდებარე სოფელი მთლიანად იყო მოწყვეტილი ოზურგეთს.„ღამის განმავლობაში დილამდე მაშველებმა ძალიან აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი. შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი, გზის არარსებობის გამო ელექტროენერგიაც ჯერ კიდევ არის შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. „ენერგო-პროსთან“ გვქონდა ამაზე საუბარი და დაგვპირდნენ, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა მოგვარდება. ანალოგიურად, ყველა სხვა დასახლების შემთხვევაში მსგავსი სამუშაოები არის ჩასატარებელი. გრძელდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ აღდგეს კომუნიკაცია, სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად, სადაც ამის საჭიროება იქნება, უზრუნველვყოფთ მოსახლეობას სურსათით, მედიკამენტებით. ძალიან აქტიურად მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როდესაც იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებდნენ ადგილზე მისვლას და სასწრაფო დახმარების გაწევას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა მაშველებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, სამხედროებს, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველას, ვინც ჩართულია შესაბამის სამუშაოებში.„მადლობა ყველას, მაშველებს, რომლებიც არიან ჩართული აქტიურად ამ სამუშაოებში, სასწრაფო დახმარებას, სამხედროებს, რომლებიც გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის სამუშაოებში, ყველას განსაკუთრებული მადლობა. ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობა, დღისა და ღამის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას. რა თქმა უნდა, რჩება სერიოზული სირთულეები და პრობლემები. ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად მოწყვეტილია გარესამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამახვილებული, რათა კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები