მნიშვნელოვანია, შეწყდეს უსამართლო თავდასხმა საქართველოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს და ამას აჩვენებს გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობა ეცემა.
„არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება? ამ ჩვიდმეტი ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს: თავიანთ ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო, იცით, რა არის? ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას. ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგან უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათ მიერ დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე.
„გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, არ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.