ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მას შემდეგ, რაც ევროკომისარ მარტა კოსისგან მოვისმინეთ, რომ ისინი ეძებენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, ქართველ ხალხს და ისე მიაწოდონ ფული მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციებს. მოვისმინეთ ახლა უკვე მეორე აღიარება ქალბატონი ლორა თორნტონისგან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ კი, არსებობს ეს შავი სქემები, რომელიც ამასწინათაც ვნახეთ – ესტონეთში დარეგისტრირებული ყალბი ორგანიზაციები და ა.შ. აწყობილია, როგორც ჩანს, გარკვეული შავი სქემები, რომლითაც ხდება დაფინანსება. სინამდვილეში, ეს ძალიან კარგად ჩანს და ამიტომაც არის დღეს მათ შორის ევროკავშირის ელჩის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. წუხან, რომ იკეტება ყველა ეს ხვრელი. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანი არის, რომ ქართველი ხალხის ნების გარეშე საქართველოს პოლიტიკაში ფული არ დაიხარჯოს. დღეს, სხვათა შორის, ოთხმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა იგივე გაიმეორა, ოღონდ, რა თქმა უნდა, საქართველოზე ეს არ უთქვამთ, თავის თავზე თქვეს. ჩვენთან პირიქით, სხვანაირად ხარჯავენ ხოლმე ფულს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებენ. კანონმდებლობის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის, დემოკრატიის საკითხებში ბრიტანეთის მინისტრმა.

