ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ, მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები, მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამ წელზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი.
„ქართველი ხალხი მიამიტი არ არის, ნატო ჩამოყალიბდეს, რა უნდა, ვერ ჩამოყალიბდნენ. უკრაინასთან დაკავშირებით ხან 28-პუნქტიან, ხან 24-პუნქტიან გეგმებს რომ ხედავთ. ევროკავშირის ვითომ კონტრშეთავაზებაა 24-პუნქტიანი და იქაც არსად იყო გადაწყვეტილება უკრაინის ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც სიტყვით ჰპირდებოდნენ, როგორც საქართველოს 2008 წლიდან მოყოლებული წლიდან წლამდე, ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში. ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, გაუგებრობაში და ბუნდოვანებაში ამყოფებენ, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას. ასევე, ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. სამ წელიწადზე მეტია, უკრაინელები იბრძვიან, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრი. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ამ იდეის გამო და ნატო-დან დღეს ეუბნებიან, ვერ გახდებით ნატო-ს წევრი. მიამიტი არც უკრაინელი და არც ქართველი ხალხი იქნება. ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდათ, მიუღებელია ბუნდოვანებაში და გაურკვევლობაში რომ ჰყავთ ერები. ქართველი ხალხი არ არის მიამიტი, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები – „ღია კართან“, „გეპატიჟებით“, „გელით“ და ასე შემდეგ. არანაირი ღია კარები და მიპატიჟება არ უნდა ამას, საჭიროა გადაწყვეტილებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

