შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, შემდეგ ნუღარ იტყვიან, რომ ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“.
„ნიშანდობლივია, რომ იმ დღიდან, როცა რვა ევროპელი დეპუტატი გვესტუმრა, პარლამენტის წინ აქციებს გვიმართავდა და მოუწოდეს ოპოზიციას, მაიდანის სცენარზე გადასულიყვნენ, რადიკალური ჯგუფები გადაიქცნენ ექსტრემისტულ ჯგუფებად. შემდეგ დღეებში დავინახეთ მათი ქმედება, მათ შორის „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ, როგორ იქცეოდნენ, რა ტერმინოლოგიას იყენებდნენ აბსოლუტურად სახედაკარგული, ემოციურად დაზიანებული „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. ეს არის მაგალითი ლიბერალური ფაშიზმისა. ამ ადამიანებს ერთი გრამი ძალაუფლებაც თუ ჩაუვარდათ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება. რეალურად, ეს არის გამეორება 100 წლის წინანდელი მოვლენებისა. მაშინაც საქართველოში გარედან იმპლანტირებული ბოლშევიზმი შემოვიდა და კედელთან მიაყენეს ყველა, ვინც მათ არ ეთანხმებოდა. ზუსტად ეს არის დღევანდელი ლიბერალურ-ფაშისტური ბაბლი, რომელიც მათი შექმნილია.
ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჩაიგდონ ხელში, კედელთან მიაყენებენ ყველას – ზოგს ფიზიკურად გაანადგურებენ და ზოგს ადამიანურად გაანადგურებენ, წაშლიან. ეს სახე დავინახეთ ჩვენ და ისიც დავინახეთ, რამ უბიძგათ ამ ყველაფრისკენ. იმ რვა ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულმა დეპუტატებმა როდესაც გადახედეს აქციას და ნახეს, ცოტა ხალხია, ტემპერატურა არ აქვს, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა, მაიდნის სცენარზე გადასულიყვნენ. ვინმეს მაიდანი თუ უნდა, დაიდგას თავის ქვეყანაში, საქართველოში არეულობას შეეშვან, რაც ამ შემთხვევაში ევროპელი პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. ვნახეთ, განსაკუთრებით შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორ მოუწოდებდა მაიდნისკენ. მგონი, ამ მაიდნის რაღაც რომანტიზება აქვთ მათ, ვისაც პირადად არ შეხებია. ადამიანები დაიხოცნენ, სისხლი დაიღვარა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს თუ უნდა, ასეთი სცენარები განვითარდეს საქართველოში, ნუღარ იტყვიან, რომ მეგობრებს გვიწოდებენ და ქართველი ხალხის მიმართ რაიმე სიმპათია აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.