ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში უნდა აინტერესებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის კუთხით.
„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, ვნახეთ ყველამ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად იწერება – და ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა – აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციური, საკანონმდებლო თუ, სტატისტიკის მიხედვით, უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.
კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, წესით, უნდა აინტერესებდეთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, ევროკავშირს კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო. იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის ახალი კანონი და ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით. ხედავთ, როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან. მათ შორის, რეადმისიის მხრივ საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა. პოლიციის ატაშეები, რომელიც იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, არიან ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისიის მიერ დადებული ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევაც აჩვენებდა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებდა.
„რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგის. ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, მათ შორის ბრიუსელის ჩინოვნიკები. ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა ორგანიზაციის, სადაც ვნახეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს კორუფციის სიმცირით, კანონის უზენაესობის მაჩვენებლებით და ა.შ. ყველა ამ მაჩვენებლებით კანდიდატ ქვეყნებს რომ ვუსწრებთ ყოველთვის, ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმა არის და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას აჩვენებს. თქვენ ახლახან ნახეთ, ბერლინში როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათრევდნენ მონაწილეებს და ძალადობდნენ მონაწილეებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში თუ სხვა დედაქალაქებში პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს და ეს ვნახეთ, რომ ლამის ნორმად იქცეს ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.