სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს ააფარა, რომლებიც ამ ყველაფერს მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახდნენ, ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ პროცედურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
„პროცედურა, რომელიც მიმდინარეობს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ვხედავთ, რომ პროკურატურა ამ საკითხს სიღრმისეულად იკვლევს. უტყუარია, რომ 20 ივნისს პარლამენტზე შტურმი იყო და სტრასბურგის სასამართლომ ესეც დაადგინა. ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ეს პარლამენტზე შტურმი იყო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები ხელს აფარებდნენ ნიკა მელიას და ამ შტურმის სხვა მონაწილეებს. სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება იმ დიპლომატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს ააფარა, რომლებიც ამ ყველაფერს მშვიდობიან დემონსტრაციას ეძახდნენ. ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე. ამის საპასუხოდ კითხვებია, რამდენად ადეკვატური იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედებები და დაგეგმვა ძალადობრივი შტურმის წინააღმდეგ. პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და შედეგსაც ვნახავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.