მგონი, სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ, მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ესარჩლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, დიდი ხანია, გამოჩნდა.
„საერთო ჯამში, ეს იმ კრიზისს აჩვენებს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში, კონგრესის ამ ჯგუფში არსებობს. სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ხორციელდება და როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც, დიდი ხანია, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.