საქართველო სამაგალითო პარტნიორი იყო აშშ-სთვის, არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, გავყევით ყველა ომში, სადაც გაყოლა შეგვეძლო, ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატო-ს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტის რაოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არსებული ვითარება, რომელიც არის საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოს დანაშაული არ არის.
„მხარში დავუდექით იმ შესაძლებლობით, რაც გვქონდა და ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი, იქნებოდა ეს აშშ-ში, თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ჩვენგან ითხოვდნენ, ესკალაციისა, თავზეხელაღებულ ქცევას, თავქარიანობას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ. ის, რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, არ იყო ჩვენი მიზეზით. ვფიქრობ, ტესტიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ველოდებით, სწორედ „დიფ სთეითის“ დამარცხების კვალობაზე, ეს ტესტად გამოჩნდება საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენის მასშტაბებით. რაც უფრო ნათელი იქნება ამ ურთიერთობების აღდგენა, რაც უფრო მეტად დაინახავს საქართველოს საზოგადოება ნამდვილ პარტნიორობას, მით უფრო ნათელი იქნება, რომ ახალმა ადმინისტრაციამ შეძლო ამ არაფორმალური ქსელების დამარცხება. საქართველოს მიმართ მავნე ხასიათის ინტერესი აქვს ბევრს. ასე რომ, რა თქმა უნდა, მუდმივად იქნება გამოწვევა. საქმე იმაშია, რომ კონკრეტულ მოცემულობაში შევძლოთ სწორედ ამ არაფორმალური ქსელების, გავლენიანი, ოლიგარქიული ჯგუფების იმდენად შესუსტება, რომ მათ რაიმე არსებითი გავლენა არ ჰქონდეთ როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ისე ჩვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.