ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის წევრობაზე ფროიდისეული წამოცდენები ოპოზიციას ხშირად აქვს, ვნახოთ, ვინ დაწერს უარის განცხადებას მანდატებზე

პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

„პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპარლამენტის „მემარცხენეების“ ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომელშიც მხარეებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში მემარცხენეების ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა, რომლის ტექსტშიც ნათქვამია, რომ ყველა მხარემ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა მიიღოს. „ვითვალისწინებთ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცეს შედეგებს, იმუშაოს კონსტრუქციულად, დაიცვას კანონის უზენაესობა და საქართველოს საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაციის პრობლემა მოაგვაროს“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში. რეზოლუცია, რომლის სახელია „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შესაძლო გაყალბების გამო დემოკრატიული კრიზის გაღრმავების შესახებ“, აგრეთვე მოუწოდებს ევროკავშირს დაამყაროს საქართველოს მთავრობასთან მიზანზე ორიენტირებული დიალოგი. დოკუმენტის პროექტში აგრეთვე გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა არჩევნების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში სამართლებრივი ბაზა ადეკვატურ საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. არჩევნებში 18 პარტია მონაწილეობდა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო აგიტაცია, ხოლო თავად არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. რეზოლუციის პროექტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არჩევნები პოლარიზებულ გარემოში, უთანასწორო პირობებში ჩატარდა. არსებობდა ინფორმაცია ამომრჩევლებზე საარჩევნო უბნებზე ზეწოლის შესახებ, რის გამოც პოტენციურად, შესაძლოა, დარღვეული იყოს კენჭისყრის ფარულობა. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას გაითვალისწინოს ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. რეზოლუციის პროექტში გაკრიტიკებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „მემარცხენეების“ ჯგუფი აგრეთვე მიიჩნევს, რომ კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოში კრძალავს სქესის შეცვლას, ბავშვების შვილად აყვანას იდენტური სქესის ადამიანების მიერ, რაც ხელისუფლებას, შესაძლოა, აძლევდეს პრაიდების აკრძალვის სამართლებრივ საფუძველს.

მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი სახელის ხსენება ერიდება – მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა. „დღეს მაფიოზური რეჟიმი მართავს მორიგ ფარსს ამ სასამართლოში. ძალიან დიდი ბედის ირონიაა, რომ მე მასამართლებენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, როდესაც ამის შემდეგ გადავდექი, წავედი არჩევნებზე, მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი პრეზიდენტის სასახლეში. დღეს მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დაშლის დროსაც არავინ დაღუპულა. მაშინ როდესაც ახლა, რუსთაველზე დგას გავეშებული პოლიციელების უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზადაა გაგლიჯოს მოქალაქეები. დაგეშილი, აგრესიული...თუ რაიმეს ჰქვია ძალის გადამეტება, არის ე.წ. პოლიციელების ის რაოდენობა, რაც წარმოდგენილია. საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობა ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება. დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები, შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, ამიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხაელ როთი: გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. "გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს საქართველოში", - წერს როთი სოციალურ ქსელში.  

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. "პრინციპი ჩამოყალიბდა. ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისადმი კარგად იქნა მიღებული," - თქვა დიპლომატმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არ არსებობს "წითელი ხაზები" უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით." კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საფრანგეთმა ჯარები შესაძლოა გაგზავნოს საომარი მოქმედებების ზონაში, როგორც მანამდე მიანიშნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბარომ თქვა, "ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს." "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინტერვიუს დროს ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიუთითა პარიზის მზადყოფნაზე, მოიწვიოს უკრაინა ნატოში, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა. "ჩვენ მზად ვართ, გავაგზავნოთ მოწვევა და ამიტომ, მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ისევე როგორც უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ვმუშაობთ, რათა ისინი ჩვენს პოზიციებს დაუახლოვდნენ," - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა. ბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: "რა თქმა უნდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს, თუ მეტის გაკეთება გვსურს და ვფიქრობ, ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ."

ბოლო სიახლეები