ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

შალვა პაპუაშვილი – პავილიონისი და მიკელსონი გვეუბნებიან, რომ მნიშვნელობა აქვს უცხოელების დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, მოსახლეობის ნება მათ სურვილებთან თანხვედრაში თუ არაა, საჭიროა შედეგების შეტრიალება

ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს სცადეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიისპირელი პოლიტიკოსების უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისა და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა“.

„ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო. ბალტიისპირელი პოლიტიკოსების ეს უხეში განცხადებები საბოლოოდ ხდის ფარდას მათ ჭეშმარიტ განზრახვებს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ. ნოემბერში მათ სიტყვით მიმართეს რადიკალურად განწყობილ ოპოზიციას პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდეს და უარყვეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. არასერიოზულია, როდესაც ამგვარი პოლიტიკოსები „რეჟიმის ცვლილების“ სახეებად გვევლინებიან. მართალია, მათი ქმედებები არც მნიშვნელოვანია და არც რაიმე შედეგის მომტანი, მაგრამ ჩვენს რეგიონსა და, უფრო ფართოდ, ევროპაში ახალი სახიფათო ტენდენციის კონტურებს წარმოაჩენს. ეს პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ არჩევნებს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს უცხოელების პოლიტიკურ დღის წესრიგს და არა ხალხის არჩევანს, და თუ ქვეყნის მოსახლეობის ნება თანხვედრაში არ მოდის ზოგიერთი უცხოელის სურვილებთან, მაშინ, საზღვარგარეთიდან წნეხის მეშვეობით, არჩევნების შედეგების შეტრიალებაა საჭირო. მართალია, დემოკრატია ეფუძნება თანასწორობას, კარგ მმართველობას, სახალხო ლეგიტიმურობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს, მაგრამ დემოკრატიის უმთავრეს საყრდენს ჯერ კიდევ არჩევნები წარმოადგენს. არჩევნების გაუქმება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, და არჩევნების დაქვემდებარება უცხოელების პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და მათი თვითნებური წნეხისთვის დემოკრატიის დასასრულის პირველი ნიშანი იქნებოდა. პოლარიზებული პოლიტიკისა და სოციალური მედიის უსაზღვრო დომინირების პირობებში არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება დაზღვეული უცხოური წნეხის საფრთხეებისგან მისი საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო პროცესის მიმართ. როდესაც უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკოსების ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში რეალურ ფაქტებს აღქმების ღრუბელი ფარავს, მაშინ დემოკრატიაც და რეგიონული უსაფრთხოებაც ზიანდება. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაუმართლებელი წნეხი შეიძლება ერთ-ერთი ადრეული ნიშანი გახდეს პროცესისა, რომელიც მთლიანად ევროპას შეეხება. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ვიდრე გავრცელების არასასურველ ტენდენციას შეიძენს“,  – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ ბანანის რესპუბლიკა, დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა

ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა. „ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის რუსეთი მზად არის

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე კონსულტაციებისთვის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და მოსკოვი იმედოვნებს, რომ თეთრი სახლი კონფლიქტის ძირეულ მიზეზებს ჩაუღრმავდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინაში ზავი არის გზა არცერთი მიმართულებით და მოსკოვი არ დაკმაყოფილდება დარეგულირებაზე ცარიელი საუბრით“. „ჩვენ გვჭირდება საბოლოო სამართლებრივი შეთანხმებები, რომლებიც დააფიქსირებს ყველა პირობას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და ჩვენი მეზობლების ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი გზით დაადგენს ამ შეთანხმებების დარღვევის შეუძლებლობას. არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ ზავი საჭიროა იმისთვის, რომ დრო მოიპოვოს კიევის იარაღით მომარაგებისთვის. ჩვენ მზად ვართ, ეს არაერთხელ განვაცხადეთ, ვისაუბროთ დასავლელ ყველა წარმომადგენელთან, რომლებიც მოწოდებული არიან თანაბარი დიალოგისკენ, ინტერესთა ბალანსის ძიებაში, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის დათხოვნას ისეთივე სამართლებრივი ძალა ექნება, როგორც მის მიერ თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის დანიშვნას

ნიკა გვარამია უკვე მერამდენედ ადასტურებს, რომ იურისპრუდენციის გაგნებაში არ არის, გამოდის, ამბობს დიდ სისულელეს, რასაც მგონი, სალომე ზურაბიშვილსაც ვერ აჯერებს, ასე რომ, ვინ რამდენ სისულელეს იტყვის, ამაზე ყველაფერზე კომენტარი რომ ვაკეთოთ, მგონი, ტყუილად დავკარგავთ დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შესაძლო დათხოვნასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. პაპუაშვილის თქმით, ფაქტი მარტივია და სახეზეა, 29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. „29 დეკემბერს იქნება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი, რომელსაც ექნება რთული ამოცანა, რომ ის ზიანი, რომელიც ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ერთობლივად მიაყენეს, ერთობლივად იქნას აღმოფხვრილი. ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდეს ის პრესტიჟი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნა-არ დათხოვნას და ასეთ უაზრო იდეებს, იგივე წარმატებით ქალბატონ სალომეს შეუძლია, მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნოს თბილისში, ასეთივე სამართლებრივი ძალა ექნება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი წინ მიდის

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობენ, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ, ეს არის ნაწილი უბრალოდ ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დღეს გარედან მართული პროცესები მიმდინარეობს. „ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც არ მოეწონა რაღაც, მაშინ მშვიდი ვითარება იყო, პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი. შემდეგ ვნახეთ, როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, როგორ ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილები და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე, თავს ესხმოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას. ასე რომ, ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საბაბით ცდილობდნენ, რომ საქართველოში განეხორციელებინათ. ერთ ფაქტორს ვერ ითვალისწინებენ ამ ყველაფერში, ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა არიოს. ამიტომ, ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ქართულ საზოგადოებასთან ჩვენი შიდა, თუ გარე არაკეთილმოსურნეები და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან ზუსტად ქართულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს – ეს დღეც დაგვიდგა, დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას პასუხობს. „ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ბოლო სიახლეები