ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ალბათ 30-მდე პარტია მონაწილეობდა. გუშინ თქვეს, რვა პარტია ვართ, ვინც არ მივიღებთ მონაწილეობასო. კარგია, რომ კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს. რვა თუ არ მიიღებს, ოცი მიიღებს, მათი სურვილი და გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოვა არჩევნებზე და ექნება შესაბამისი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობას, პაპუაშვილის თქმით, მან, რეალურად, შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციას.
„ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ ელენე ხოშტარიამ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, იქ არიან დღესაც. ასე რომ, ერთადერთი, რაც შეიცვალა, არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, ორი დღე იშიმშილა ადამიანმა. ასევე, გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა, ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში. არაეთიკური არის შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როდესაც ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.