ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

შალვა პაპუაშვილი – მინდა, პირობა მოგცეთ, ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ

განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ გამოცდილ და მრავალ ბრძოლაგადახდილ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემს წარდგენაში გამოიხატა და პირობა მოგცეთ, ისევე როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტში, ახლაც ჩემი ფიქრი და საქმე მიმართული იქნება ქართველი ხალხის ინტერესების ურყევად მსახურებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  2024 წლის არჩევნები 2012 წელს მიღწეულ შედეგს არ ჩამოუვარდებოდა.

„მე ვახსენე ბრძოლა და პირველ, რიგში, მსურს აღვნიშნო ის მართლაც უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ამ არჩევნებზე შევედით და სახელოვნად გავიმარჯვეთ. თავისი სიმძაფრით, დრამატულობით თუ ამომრჩევლის აქტიურობით, 2024 წლის არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა 2012 წელს მიღწეულ შედეგს. გარკვეული ასპექტით კი ეს არჩევნები უფრო მნიშვნელოვანიც გამოდგა. დასრულებული პროცესის შემდეგ თანდათანობით ვაცნობიერებთ მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას. გამარჯვების, რომელმაც განამტკიცა და შეინარჩუნა განვლილი 12 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა შედეგი. ეს შედეგი წარმოადგენს იმ მყარ საძირკველს, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ” – მამუკა მდინარაძე

"მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. მდინარაძემ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს და, ამასთან, უმრავლესობის დეპუტატს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა პერსონალურად გადაუხადა. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება იმისი შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. პირიქით, როდესაც ცალ ფეხზე დგომაზე ვლაპარაკობდით და როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ რომ "დიახ, ცალ ფეხზე, უნდა დავდგეთ თუ ევროპა გვეტყვის," ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება. სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ. რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ," - განაცხადა მდინარაძემ, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.

დეპუტატებმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

დეპუტატებმა მე-11 მოწვევის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გახდა; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან მახაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე; კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ - გიორგი გაბუნია; რეგიონული პოლიტიკა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - ირაკლი ქადაგიშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - დავით მათიკაშვილი; საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ სანიკიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე. რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კახიანი აირჩიეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გიორგი კახიანი ორი კვირის განმავლობაში დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ორი კვირის შემდეგ კი, იგი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ იქნება არჩეული, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი არჩილ გორდულაძე გახდება მას შემდეგ, რაც ის პარლამენტს შეუერთდება.

ოპოზიციამ არათუ მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ დაუმტკიცა სიმართლედ გასაღებული სიყალბე. ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია არ გვახსოვს – თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ მარცხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების მოლოდინი ისევ ვერ გაამართლა და ვერც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის ვერ შეძლო ხალხის მობილიზება. „თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ერთადერთი კითხვა, სად არის ის 900 000 ამომრჩეველი? რატომ არ გამოდიან ქუჩაში მათივე ხმების დასაცავად?“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ევროპელი პატრონებიც ხალხის მაქსიმალურ მობილიზებას ელიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ყველა განცხადება უსაფუძვლოა. „საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ ახალი პარლამენტის დაწყების პირველ დღეს მაინც ოპოზიცია შეძლებდა მაქსიმალურად რესურსების მობილიზებას, მაგრამ, ამაოდ. თითოეულ მოქალაქეს აწუხებს ერთადერთი კითხვა, სად არის ის 900 000 ამომრჩეველი? რატომ არ გამოდიან ქუჩაში მათივე ხმების დასაცავად? სიმართლე ის არის, რომ ოპოზიციამ არათუ მხარდამჭერებს, არამედ, საკუთარი პარტიის წევრებსაც ვერ დაუმტკიცა სიმართლედ გასაღებული სიყალბე. ასეთი გაკოტრებული ოპოზიცია ჯერ არ გვახსოვს. ვერც ევროპაში გაფრენილი ლიდერები ვერ წამოიღებენ რაიმე სიკეთეს. მათი ევროპელი პატრონებიც კი ქართველი ხალხის მასშტაბურ პროტესტს ელიან, სხვა შემთხვევაში ყველანაირი ხისტი განცხადება მხოლოდ წყლის ნაყვაა. ერთადერთი, რაც შეიძლება წამოიღონ, არის რჩევა, რომ მიზნობრივად გამოიყენონ მიღებული 61 მანდატი და შევიდნენ პარლამენტში. წარმატებებს ვუსურვებთ ახლად არჩეულ, ლეგიტიმაცია მინიჭებულ პარლამენტს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ! ველით ბევრ ახალ ინიციატივას“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს. ვოლსკის 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შალვა პაპუაშვილს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელის - „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის - „ზუმერი“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილე სტუდენტთაგან, ჟიურიმ, საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა. სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება - „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“, საუკეთესოთა შორის დაასახელა. „კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვ მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა დოლიძემ მეორე ადგილი მოიპოვა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სერტიფიკატი გადასცა, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის „სასტუმრო ალპინას“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ზუმერი“ წარმომადგენლებმა კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ვულოცავ ჩვენს სტუდენტს და მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ქობლიანიძეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ. ცნობისთვის, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

ბოლო სიახლეები