საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
„მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. აქ დაბალი ღობე არავინაა, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მარინ ლე პენს საფრანგეთის სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება, მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.
მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.