ორშაბათი, მარტი 2, 2026

შალვა პაპუაშვილი: ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს – ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმები საქართველო, მოგესალმები თბილისო, მოგესალმებით გულანთებულო პატრიოტებო!

ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში.

აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც.

ეს განსაზღვრა იოანე ზოსიმემ, როცა გვამცნო ქართული ენის, ქართველი ერის მისია, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე, მცველი ქრისტიანული მრწამსისა, და შესაბამისად, ვართ მცველი უმთავრესი ფასეულობის – ადამიანის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ანუ ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენ თვალწინ კი ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს.

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით.

ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ.

მეგობრებო, 2022 წელს, საქართველო ომს და ნგრევას გადავარჩინეთ. ომს, რომელიც საბოლოოდ დაასამარებდა ჩვენი მოქალაქეების იმედებსა და ოცნებებს. დედებს კვლავ შავებში შემოსავდა. მშვიდობაში წამოზრდილ ახალ თაობას კვლავ სიკვდილისა და ქაოსისთვის გაწირავდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო კი კვლავ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებდა.

ყველამ კარგად დაინახეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს საკუთარი თავის განადგურებისკენ. როგორი ზეწოლა იყო შიგნიდან თუ გარედან, რომ საქართველოს ფეხი წასცდენოდა.

– როცა ვკითხულობდით, სანქციებზე მიერთებით გამოწვეულ საპასუხო ეკონომიკურ დარტყმებზე თუ გვაძლევდნენ ეკონომიკურ ან ფინანსურ გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ თავი უნდა შევწიროთ? პასუხი იყო – დუმილი. დუმილი, რომელიც პასუხზე მეტია.

მაშინ, ჩვენ არჩევანი დაგვიყენეს ჩაყოლასა და ჩათრევას შორის. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ! რადგან ჩვენს უკან იდგა ჩვენი ხალხი. რადგან ჩვენს უკან იდგნენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომელთა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებით. ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა.

მეგობრებო, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის. სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ქართველებისთვის ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა. ამით ააშკარავებს ოპოზიცია თავის ჭეშმარიტ ყოფას, რაც ჯილდოს მოლოდინში სხვების მსახურებაა.

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს.

ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა.

დაბოლოს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან – თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები.

მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი მზადაა, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას

საფრანგეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია ირანისგან დაიცვას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.„მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რაკეტებისა და დრონების მიზანმიმართული სამიზნე გახდნენ და ჩაითრიეს ომში, რომელიც მათ არ აურჩევიათ - საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ქუვეითს, ომანსა და იორდანიას - საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას და სრულ სოლიდარობას უცხადებს. ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მათ თავდაცვაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.ამასთან, მისი თქმით, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის „ცალმხრივი“ თავდასხმები ისეთ ორგანოებში უნდა განეხილათ, რომლებიც იცავენ საერთაშორისო სამართალს, მაგალითად, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.ინფორმაციას ამერიკის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სამხედრო მოსამსახურე ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ საწყის ეტაპზე დაშავდა და მიღებული დაზიანებების შედეგად, მოგვიანებით გარდაიცვალა.შეგახსენებთ, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში, ოთხი ამერიკელი სამხედროა დაღუპული. სამი დაღუპულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა.„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა „ჰეზბოლას“ დაზვერვის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაქლედი მოკლეს.გავრცელებული ცნობით, ჰუსეინ მაქლედი ბეირუთში მოკლეს, სადაც შტაბბინა იყო მოწყობილი.ამასთან, დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირები მოკლეს.

ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა – „ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში“

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სომხეთის პრემიერი წერილში აღნიშნავს, რომ სომხეთს ყოველთვის ახსოვს ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში.„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და მოქალაქეებს შორის დაღუპულთა გამო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ისლამური რევოლუციის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის პირადი როლი სომხეთ-ირანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ რთულ დროს ჩვენ ვიმედოვნებთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის სწრაფ დამყარებას. ამ შესაძლებლობით სარგებლობისას გისურვებთ მოთმინებას, ხოლო ირანის მეგობარ და მეზობელ ხალხებს – მშვიდობასა და გამძლეობას“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

ბოლო სიახლეები