თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და ყველაზე არაპატრიოტული ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ შარშან ივნისში ჰქონდა დაყენებული ერთ-ერთი ასპექტით. „იმის შემდეგ თითი თითზე არ დაუკარებიათ, რომ გამოეტანათ პარლამენტში. მაშინაც აქტუალური საკითხი იყო და იმპულსურად წამოაყენეს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, შემდეგ თავადვე მიივიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევახსენე, არც კი გამოიტანეს პლენარულ სხდომაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა ამ საკითხის გამოტანის საბაბი და სიგნალი მათთვის გახდა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტის რაღაც ქმედება. „ამას თუ დავუფიქრდებით, ხომ ვხვდებით, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაშია თავად ოპოზიცია. თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიას, ვფიქრობ, დღევანდელი ოპოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე უუნარო და ყველაზე არაპატრიოტული ოპოზიცია. არცერთ ქვეყანაში ეს არ ხდება, რომ პოლიტიკური ჯგუფები, ამ შემთხვევაში ოპოზიცია უცხო ქვეყანას ეხვეწება, რომ რაღაცნაირად დაგვსაჯოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.