შაბათი, მაისი 10, 2025

შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილზე ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს.

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, მოგმართოთ N2463-ე რეზოლუციის („უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“) თაობაზე, რომლის შესახებ დებატები 2022 წლის სესიაზე მიმდინარეობდა.

რუსული აგრესიის გამო უკრაინისადმი ჩვენი სრული სოლიდარობის მიუხედავად, ქვემოთ მოცემული ცვლილების დამტკიცებამ საქართველოს დელეგაციის წევრებს არ მისცა რეზოლუციის მხარდაჭერის შესაძლებლობა: „ასამბლეა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს ვლადიმირ ყარა-მურზას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ასამბლეა ასევე მოუწოდებს პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში (მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის)“.

ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში.

ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 100 განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.

2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.

საქართველოს 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.

მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე“,- აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – მივესალმებით ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და მშვიდობის გზის არჩევანს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და შეჰბაზ შარიფს.„ჩვენ მივესალმებით პრემიერ-მინისტრების, მოდის და შარიფს მიერ გამოჩენილ სიბრძნეს, წინდახედულობას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მშვიდობის გზის არჩევანს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.მისი თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მიზნად ისახავს „გზის გაკვალვას მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტა თუ დაირღვევა, ევროკავშირი მზად არის, „დააწესოს დამატებითი მკაცრი სანქციები“.„ახლა ბურთი რუსეთის მხარესაა. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი მკაცრი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში. ჩვენი მიზანი ნათელია – სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.დონალდ ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ჩამოშლილია შენობაზე არსებული რკინის კონსტრუქციები.

არის კონსერვატიზმის რაღაცები, რომელსაც სრულად ვიზიარებ – ენა, ცეკვა, სიმღერა, რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კომუნისტების დროს სახეცვლილი და გაბაიბურებული რაღაცები არ მომწონს, რომელსაც ვითომ ქართულ ტრადიციებს ეძახიან და არაფერი ქართული სინამდვილეში იმაში არ არის და ის რაც მართლა ჩვენია, მართლა ღირებულია და მართლა მნიშვნელოვანია მგონია, რომ კბილებით უნდა დავიცვათ," - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პოლიტიკურ პოდკასტში ისაუბრა.როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რაღაცებში ის კონსერვატორია."რაღაცებში კონსერვატორი ვარ. მე ვასწავლი პოლიტიკურ იდეოლოგიებს. ამიტომ, ამ იდეოლოგიებში ჩახედული ვარ მეტ-ნაკლებად და არის კონსერვატიზმის რაღაცები, სრულად ვიზიარებ. საქართველოს შემთხვევაში, ენა, ცეკვა სიმღერა, ვეფხისტყაოსანი, მართლა რაც ქართველებმა შევქმენით და მივეცით სამყაროს, ყველაფრის ფანატი ვარ. ის, რომ 101-ე ბატალიონის ქუდი მახურავს, არაფერს ცვლის," - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები