ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

შალვა პაპუაშვილი – დარეგისტრირებულია ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგი არის დარეგისტრირებული პარლამენტში და სწორედ მისი განხილვა იგეგმება.

როგორც ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ,ა, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ინიციატივა არის აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობლივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება.

„კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული, ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა. მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი“,- აღნიშნა ტაბატაძემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება აღნიშნული კანონპროექტის ქართულ სამართლებრივ სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანა.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტი – უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, პაკეტი. არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით, მძიმე-წერტილით თარგმანი. შემდეგ უკვე პარლამენტში განხილვის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ქართულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა ამით დასრულებულია ნებისმიერი ყალბი, ცრუ ნარატივი, რომელსაც ზოგიერთი შიგნიდან თუ გარედან ავრცელებდა ხოლმე ქართულ კანონებთან დაკავშირებით. არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერტილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა და საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ე.წ. თრექჩეინჯით დააკვირდნენ, რა შეიცვლება ამ კანონში. ნებისმიერი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც რაიმე საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება. ამიტომ, გთხოვთ გადაწყვეტილებას, რომ გადავცეთ სამსჯელოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, შესაბამისად, უკვე მოხდება ამ კანონპროექტზე მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ორმა ანალიტიკურმა პორტალმა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 23-ე ტურში ერთმანეთს გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდნენ. მატჩი პარიზელებმა 3:2 მოიგეს. ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორივე გუნდის რიგებში კვარაცხელია დაასახელა, ხოლო ორი ანალიტიკური პორტალის მიხედვით, „ლიონის“ რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება მიქაუტაძემ დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლოს, მე-80 წუთზე შეუშვა. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი შესანიშნავი მოქმედებების შემდეგ „ლიონს“ შეხვედრის გადარჩენის შანსი მიეცა. გიორგიმ შესვლისთანავე საგოლე გადაცემა შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. შემდეგ სამჯერ სცადა კარის აღება და მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ.  Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-მა – 7.4 ქულა.

თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი – ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა. „ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე ვერ ვხედავ, რომ შეერთებულ შტატებს სურდეს, უკრაინა გაწევრიანდეს ნატო-ში და შემდეგ ამერიკელი სამხედროები იყვნენ ვალდებულები, მეხუთე მუხლის ფარგლებში წავიდნენ პირდაპირ უკრაინის დასაცავად“, – განაცხადა მაიკ უოლცმა. ამასთან, უოლცმა განაცხადა, რომ აშშ აბსოლუტურად ერთგულია ნატო-სადმი და ნატო-ს წევრებთან შეთანხმების მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები არის „სხვა საუბარი“. როგორც უოლცმა აღნიშნა, აშშ სრულად დაუჭერს მხარს, თუ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან საქმე ეხება ევროპის უსაფრთხოებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ შეიძლება, უკრაინა 2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ გააგრძელებს იმავე სისწრაფითა და ხარისხით მუშაობას

„ბიბისის“ ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ჰკითხეს, როდის შეიძლება, მისცენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება. ფონ დერ ლაიენის თქმით, გაწევრიანების პროცესი „დამსახურებებზეა დაფუძნებული“ და გაწევრიანება სასარგებლო უნდა იყოს როგორც გაწევრიანების მსურველი ქვეყნისთვის, ისე ევროკავშირისთვისაც. ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროკავშირი თავს იკავებს ზუსტი თარიღის დასახელებისგან, როდის შეიძლება, უკრაინა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში გაწევრიანების თარიღის დასახელება, შესაძლოა, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმაც მოითხოვონ. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა კარგად მუშაობს და შეიძლება „2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში“, თუ ქვეყანა გააგრძელებს „იმავე სისწრაფითა და იმავე ხარისხით მუშაობას“.

მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენილია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი

ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომლის შედეგებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც -  თუ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ქიმიური ნაერთის, ბისფენოლ A-ს (იგივე BPA) დონე ნორმაზე 3-ჯერ მეტია,  იმის რისკი რომ ბავშვს მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვან 3-ჯერ იზრდება. აუტიზმი ფსიქიკის  ისეთი აშლილობაა, რომელიც პიროვნების სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარსა და ქცევას აზიანებს.  აუტისტურის სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ასევე, მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, განმეორებითი მოძრაობები, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და შეხების მიმართ და ა.შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით აუტიზმის დიაგნოზი 75 მილიონ ადამიანს აქვს. მამრობით სქესში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე მდედრობითში. კვლევის ფარგლებში მეცნიერები 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების პროცესს აკვირდებოდნენ.ისინი გამუდმებით ამოწმებდნენ, რამდენად დიდი იყო ბისფენოლის დონე ორსულებში. აღმოჩნდა, რომ იმ დედების  შვილებს რომელთა ორგანიზმშიც, ორსულობის დროს,  ბისფენოლ A-ის დონე ნორმას აჭარბებდა, 3-ჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს.  ეს მაჩვენებელი 6-ჯერ იზრდება ბიჭების შემთხვევაში. ბისფენოლ 1 იგივე BPA ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმა­სას გა­სა­მაგ­რებ­ლად და ლი­თო­ნე­ბის და­ჟან­გვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად იყენებენ.  ის გვხდება პლასტამასაც წყლის ბოთლებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულოს აქსესუარებში, პოლიეთილენის პაკეტებში, ბავშვის სათამაშოებში, ქაღალდის ქვითრებში და ა.შ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბისფენოლ A-ის ორგანიზმიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ეს ნივთიერება ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში რჩება.  მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება, ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ასევე, ის უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე.  მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე, შესაძლოა,  მეორე ტიპის დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აშშ-ში ”ბისფენოლ A” ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად აღიარეს.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები დაინიცირდა

„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ცვლილებების მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლეობის გაცემა. ასევე, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ბოლო სიახლეები