ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

შალვა პაპუაშვილი – დაახლოებით ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით

რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში.

„ეს მათი გადასაწყვეტია, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხია. რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, ვნახავთ, ორ თუ სამ საათში, ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შევხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, რომ უკვე მეორედ მიმდინარეობს პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია უცხოეთიდან დაკვეთით მოქმედებს და მათ საკუთარ თავს მხოლოდ ორი გზა დაუტოვეს.

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ საბოლოო ჯამში. ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. თავადვე რა, ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს. რეალურად აქვთ ორი გზა. ერთი – მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას – დაინგრნენ, თუ დამცირდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სააკაშვილი: მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ჩემი სახელის ხსენება ერიდება – მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა

მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, არ მიშვებს თქვენთან ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში დიქტატურა დამყარდა. „დღეს მაფიოზური რეჟიმი მართავს მორიგ ფარსს ამ სასამართლოში. ძალიან დიდი ბედის ირონიაა, რომ მე მასამართლებენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, როდესაც ამის შემდეგ გადავდექი, წავედი არჩევნებზე, მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი პრეზიდენტის სასახლეში. დღეს მასამართლებენ მრავალი წლის წინანდელი მიტინგის დაშლისთვის, რომლის დაშლის დროსაც არავინ დაღუპულა. მაშინ როდესაც ახლა, რუსთაველზე დგას გავეშებული პოლიციელების უზარმაზარი რაზმი, რომელიც მზადაა გაგლიჯოს მოქალაქეები. დაგეშილი, აგრესიული...თუ რაიმეს ჰქვია ძალის გადამეტება, არის ე.წ. პოლიციელების ის რაოდენობა, რაც წარმოდგენილია. საქართველოს პოლიცია აღარ ჰყავს, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ ჰყავს, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა, არამედ ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, საქართველოში დამყარდა დიქტატურა. არანაირი ავტორიტარიზმი, არანაირი გადახრა-გადმოხრა, კლასიკური დიქტატურა დამყარდა! თქვენმა თაობა ვერ მოახერხა ამ დიქტატორის გამყარების თავიდან აცილება. დღეს, რაც არ უნდა მიიღოს ამ ე.წ. საკანონმდებლო ორგანომ, მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დააჭერენ თითს, რა განცხადებებს გააკეთებენ. ერთი რამ ვიცი, ქართველი ხალხი არ შეეგუება დიქტატურას. საქართველოში დიქტატურა ვერ და არ დამკვიდრდება. მყარად ვდგავარ იმ აზრზე, რომ არ ვართ ბელარუსები, ვენესუელელები, შეგვიძლია ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა. ჩემი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება. მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში, ამიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხაელ როთი: გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. "გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს. სოლიდარობა ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს საქართველოში", - წერს როთი სოციალურ ქსელში.  

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს

უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ დისტანციაზე მოქმედი SCALP-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. "პრინციპი ჩამოყალიბდა. ჩვენი გზავნილები პრეზიდენტ ზელენსკისადმი კარგად იქნა მიღებული," - თქვა დიპლომატმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "არ არსებობს "წითელი ხაზები" უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით." კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ საფრანგეთმა ჯარები შესაძლოა გაგზავნოს საომარი მოქმედებების ზონაში, როგორც მანამდე მიანიშნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბარომ თქვა, "ჩვენ არ გამოვრიცხავთ რომელიმე ვარიანტს." "ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია ერთი კვადრატული კილომეტრით წინ მიიწევს, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინტერვიუს დროს ჟან-ნოელ ბარომ ასევე მიუთითა პარიზის მზადყოფნაზე, მოიწვიოს უკრაინა ნატოში, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვდა. "ჩვენ მზად ვართ, გავაგზავნოთ მოწვევა და ამიტომ, მეგობრებთან და მოკავშირეებთან, ისევე როგორც უკრაინის მეგობრებთან და მოკავშირეებთან დისკუსიების დროს ვმუშაობთ, რათა ისინი ჩვენს პოზიციებს დაუახლოვდნენ," - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა. ბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია დასავლეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები: "რა თქმა უნდა, მეტის დახარჯვა მოგვიწევს, თუ მეტის გაკეთება გვსურს და ვფიქრობ, ამ ახალ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ."

გიორგი კახიანი – ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა, ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა, არც მათი შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი გაფუჭდება

საქართველოს მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, პარლამენტი იყოს ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური. ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭა. რამდენსაც არ უნდა შეეცადოს მავნებელი ოპოზიცია, რომ არალეგიტიმური უწოდოს, ეს ყველაფერი უსუსური მცდელობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის მიერ შეტანილო სარჩელს, გიორგი კახიანის შეფასებით, სარჩელის შეტანა არ აჩერებს კონსტიტუციურ პროცესს. „სარჩელის შეტანა არ აჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია კონსტიტუციური პროცესი ჰქვია. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, რომ თავის დროზე შევიკრიბოთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დღეს პარლამენტი შეიკრიბება, მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, ძალიან მალე მოხდება მთავრობის დამტკიცებაც და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე იყო. ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში. არც მათი შემოსვლით და არც არშემოსვლით არაფერი გაფუჭდება. უმრავლესობა, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი, გავაგრძელებთ საქმიანობას, გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლა, ბუნებრივია, ამ პროცესს ვერანაირად შეაფერხებს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მათ დიდ ნაწილს პარლამენტში ვიხილავთ. ეს სცენარიც ნანახი გვაქვს. არაერთხელ გვინახავს, როდესაც საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წასულან. ოთხი წლის წინ ზუსტად ეს პერიოდი მახსენდება, როდესაც უფრო მეტი მონდომებით საუბრობდნენ, თითქოს პარლამენტში არ შემოვლენ, ვინც შემოვიდოდა, იქნებოდნენ პუფები და ა.შ. იმავდროულად, ისიც ვიხილეთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი იყვნენ პარლამენტის წევრები. ასე რომ, სცენარი დაახლოებით იგივე იქნება. ეს დამოკიდებულია დროზე“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ბოლო სიახლეები