რაჭაში ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მძიმე დღეები, სტიქია, რომელმაც 32 ადამიანი შეიწირა. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ახლობლებს, შესრულებულიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია.
„გვახსოვს ეს ტრაგედია და გვახსოვს ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივების პირველი რეაქციები, მათი მისვლა ადგილზე, ჩვენი მეხანძრე-მაშველების გმირობა, ექიმები, სამხედროები, პოლიცია. იცით, რომ სამაშველო ღონისძიებებს მაშინ ერთი პოლიციელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენელი შეეწირა. ეს იყო წუთები, როდესაც, ტრაგედიასთან ერთად, გაურკვევლობაც ბევრი იყო, შესაბამისად, რთული იყო მაშინ ოჯახებისა და საზოგადოების მდგომარეობაც. მთავრობამ მაშინ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პირობა, რაც მისცა პრემიერ-მინისტრმა ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს, შესრულებილიყო, არ დარჩენილიყო არცერთი ოჯახი, რომელიც ცოცხლად ან გარდაცვლილად მაინც ვერ იპოვიდა თავის ოჯახის წევრს და ვერ შეძლებდა მის დატირებას. დღეს აქ მემორიალის მშენებლობის პროცესიც ვნახეთ. სექტემბერში უკვე მემორიალიც გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ემოციური კავშირი ჰქონდეთ ამ ტრაგედიასთან. მინდა, კიდევ ერთხელ ამ მომენტით ვისარგებლო და ყველა მეხანძრე-მაშველს, ექიმს, სამხედროს, პოლიციელს, ვინც ჩართული იყო, მათ შორის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს, მადლობა გადავუხადო. მაშინ გამოჩნდა, რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია და ერთობლივი ძალებით დაუღალავად დღისით და ღამით მუშაობდა ყველა, რომ ოჯახებს, რომლებიც ეძებდნენ ოჯახის წევრებს, ჰქონოდათ პასუხები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.