სამშაბათი, მაისი 20, 2025

შალვა პაპუაშვილი – გერმანიის ელჩმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჩაწერა პლაკატის, „თავისუფლება მზიას“ ფონზე, ამით მკაფიოდ გადასცა განწყობა მოსამართლეს, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება

თვალშისაცემია, რომ ბოლო პერიოდში, გერმანიის ელჩი კონკრეტული გზავნილების გადმოსაცემად მხატვრულ მეთოდებს იყენებს და შერჩეული ფონის მეშვეობით გვესაუბრება. რამდენიმე დღის წინ მან ინტერვიუ პლაკატის – „თავისუფლება მზიას“ – ფონზე ჩაწერა. ამით მან მკაფიოდ გადასცა თავისი განწყობა იმ მოსამართლეს, რომლის პროცესსაც, მისივე განცხადებით, აკვირდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ელჩმა ქართული არ იცის და დარბაზშიც არავინ უთარგმნიდა, ცხადია, რომ ამ „დაკვირვების“ მიზანი არა პროცესის მსვლელობის დეტალების გაგება იყო, არამედ მოსამართლისთვის განწყობის ჩვენება, რომ მას „დიდი ძმა“ აკვირდება და თუ ის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შედეგსაც მოიმკის.

„მით უმეტეს, რომ გერმანიის ელჩს გვერდით ესტონელი კოლეგა ეჯდა, რომლის მთავრობამაც სწორედ ამ მოსამართლეს ესტონეთში შესვლა აუკრძალა, ესტონეთის მთავრობისთვის სასურველი გადაწყვეტილებების არმიღების გამო. რა თქმა უნდა, როგორც პროცესზე ამგვარი „თვალთვალი“, ისე გერმანიის ელჩის ამ ლოზუნგის ფონზე გამოჩენა მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა, რაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ცალსახა დარღვევაა. ამავე დროს, ეს ქცევა არაფერია იმასთან შედარებით, რაც მანამდე ვიხილეთ, როდესაც გერმანიის ელჩი სხვა ბანერის ფონზე გამოჩნდა და რომელზეც რადიკალური ჯგუფების ცნობილი ყიჟინა „მონა“ ეწერა. რადიკალების ეს ყიჟინა შემთხვევითი და წინდაუხედავი წამოძახილი არ არის. ამ პროპაგანდისტული ტაქტიკის მიზანი მოწინააღმდეგეზე თავდასხმისთვის მორალური ბარიერის მოშლაა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და მისი ამომრჩეველი მონაა, ესე იგი, ის უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებაა, ნივთი და არა ადამიანი. და თუ მის ღირსებასა და ადამიანობას არ აღიარებ, მაშინ მასზე არც ადამიანური კანონები ვრცელდება. ამიტომ მისი შეურაცხყოფა, დევნა, თავდასხმა, ამის სხვების დასანახად კეთება და თავის მოწონება სრულიად შესაძლებელი და დასაშვებია. ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც, მათ შორის, გერმანიის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ადამიანებმა, თავის ყოველდღიურ რიტუალად აქციეს“, – წერს პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გერმანიის კონსტიტუცია, მისი პირველივე მუხლის პირველივე წინადადება იწყება სიტყვებით: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია“.

„სხვების მონებად შერაცხვა, მათი უუფლებო, უსახელო, უღირსებო არსებებად გამოცხადება არის თავად გერმანიის კონსტიტუციის სიტყვის, სულისკვეთების და ისტორიული ქვეტექსტის უარყოფა. ცალკე საკითხია, რომ ელჩის ამგვარი გზავნილი მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს ეხება. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარი ელჩის გამოსარჩლებას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ამ კითხვასაც გაეცეს პასუხი: არის თუ არა, სხვა ადამიანის მონად შერაცხვა მისი ადამიანური ღირსების უარყოფა? მისაღებია იმ პროცესის ხელშეწყობა, რომელიც სიძულვილის ენისა და ღირსების შელახვის ნორმალიზებას ახდენს? P.S. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არა „ცუდად საუბარი“ ან „თავდასხმა“, არამედ „ლეგიტიმური კრიტიკაა“, რომელსაც პასუხი სჭირდება“, – წერს პაპუაშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე იურიდიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ამის შესახებ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და იმ წინადადებების გათვალისწინებით, რომლებიც ფორმულირებული იყო. ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლიათ მშვიდობის მოპოვება“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.მისივე თქმით, მშვიდობა უნდა ემყარებოდეს იმ პირობებს, რომელიც მეტ-ნაკელბად აწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს.„წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ზავი, რომელიც გამოყენებული იქნება სამხედრო მანქანის აღდგენისთვის და საბრძოლო მოქმედებებთან დაბრუნებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.ამასთან, მისი თქმით, უკრაინის საკითხის დარეგულირებაში პროგრესისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომ კიევში სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი პირები არ არსებობენ.„არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინული რეჟიმის მოქმედ პირთა ძირითად ნაკრებში არ არიან პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ეს კი დიდი პრობლემაა“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კლაუს ჰიპმა საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი მეცენატი, ცნობილი გერმანელი ხელოვანი და მეწარმე, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელი, სტუ-ის საპატიო დოქტორი კლაუს ჰიპი შეხვდა და მათთვის საჯარო ლექცია ჩაატარა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციასა და ბრენდინგს მიეძღვნა.როგორც HIPP-ის დამფუძნებელმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა აღნიშნა, ქვევრის ღვინო სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი და ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოების მოყვარულთა შორის.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან კლაუს ჰიპმა ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის გლობალურ მასშტაბებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, სტუდენტებს შესთავაზა იდეები, რაც ქვევრის ღვინის უნიკალურობასა და კულტურულ მნიშვნელობაზე დაფუძნებულ კონცეფციას გამოხატავს.მათივე ინფორმაციით, საჯარო ლექციას ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ესწრებოდა, როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, კლაუს ჰიპის თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალმხრივია და როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს. ეს საჯარო ლექცია კი მორიგი, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ-გერმანული განათლებისა და ბიზნესკავშირების გაღრმავებისკენ. თამარ ლომინაძის თქმით, ინოვაციებისა და დიზაინის როლზე მარკეტინგში კლაუს ჰიპის გამოცდილება და ხედვა შთააგონებს როგორც სტუდენტებს, ასევე, პროფესიონალებს საქართველოში.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მსოფლიო ბრენდ HIPP-ის დამფუძნებელთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. კლაუს ჰიპის ყოველი ვიზიტი ახალ შთაგონებას და მოტივაციას აძლევს ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა რეალურად ნახონ ასეთი მაგალითები - ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების განვითარებაზე, ინვესტირებენ განათლებაში და ზრუნავენ უკეთესი მომავლის შექმნაზე.წლების განმავლობაში კლაუს ჰიპი დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის ატარებდა კონკურსს და გამარჯვებულ სტუდენტებს იწვევდა გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი პრაქტიკის გასავლელად. ამგვარად, ათობით სტუდენტმა ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, სტუდენტებისთვის, მიეღოთ ევროპული გამოცდილება ისეთ მაღალტექნოლოგიურ და წარმატებულ კომპანიაში, როგორიცაა HIPP-ი.რაც შეეხება დღევანდელ საჯარო ლექციას, ის ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, და დღევანდელ თემას - ქვევრის ღვინო - განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს კულტურაში. ქვევრის ღვინო მხოლოდ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მას საერთაშორისო დონეზე გავუწიოთ პოპულარიზაცია. ამ თემასთან დაკავშირებით, ბატონი ჰიპის მოსაზრებები, რეკომენდაციები და შეხედულებები საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვისაც.კლაუს ჰიპის ინიციატივით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები, არამედ ქიმიური ტექნოლოგიების, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების, ბიზნესტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებიც.დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ არაერთხელ უმასპინძლებს კლაუს ჰიპს, რომელიც შთააგონებს მომავალ თაობებს და ახალგაზრდებს დაუღალავად უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ზურაბ ჩიკვილაძე – ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება, რაც მოქალაქეებს ხარისხიან სერვისებზე წვდომის საშუალებას მოლოდინის გარეშე მისცემს

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა. შესაბამისად, დღეიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც იზრდება.როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობენ, ძალიან მნიშვნელოვანია.მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამაში თანხების დამატება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დროული და ხარისხიანი სერვისები მოლოდინის რეჟიმის გარეშე მიიღონ.„ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამების ბიუჯეტირების ნაწილში მოხდა თანხების დამატება, რათა კიდევ უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დროულად, მოლოდინის რეჟიმის გარეშე, ხარისხიანი სერვისი მიიღოს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.ცვლილებების თანახმად, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება 700,0 ათასი ლარით; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია 100,0 ათასი ლარით; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება 300,0 ათასი ლარით; ტრანსპლანტაცია 500,0 ათასი ლარით; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება 100,0 ათასი ლარით; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება 100,0 ათასი ლარით; სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები კი 500,0 ათასი ლარით გაიზრდება.

კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.მამაკაცს ბრალი წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან უკვე გამოყვანილია.მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.პრაიმტაიმი დამატებით დეტალებს არკვევს.

„გირაოს გადახდა არ იქნება“ – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს - ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.„გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! - რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო, ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა- არ ყოფნასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.

ბოლო სიახლეები