ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025

შალვა პაპუაშვილი – გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მდგრადი აღმოჩნდა და ზრდის ისეთ მაჩვენებლებს მიაღწია, რომელიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა

„თბილისის ფინანსური სამიტი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების განსახილველად. გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა მედეგი, მდგრადი აღმოჩნდა და მიაღწია ზრდის ისეთ მაჩვენებლებს, რომლებიც მრავალი განვითარებული ეკონომიკისთვისაც კი უპრეცედენტოა. მაგალითისთვის, ბოლო ოთხი წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ თითქმის ორნიშნა მაჩვენებელს (9.7 პროცენტი) მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანმა ფუნქციამ შუა დერეფანში და ისეთი მაღალპროდუქტიული დარგების განვითარებამ, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, სატრანსპორტო სერვისები, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„დღესდღეობით საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის უნიკალური პოტენციალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლებში შუა დერეფანში ტვირთბრუნვამ და ეკონომიკურმა აქტივობამ უპრეცედენტო ზრდა აჩვენა. ეს ტენდენცია ნათლად უსვამს ხაზს, რომ ჩვენი რეგიონი ჩამოყალიბდა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო არტერიად, რომელსაც ევროპისა და აზიის ეკონომიკებისთვისაც ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ვაჭრობის ზრდას და ინფრასტრუქტურულ განვითარებას თან ახლდეს თანამედროვე ფინანსური სერვისების დანერგვა, გაძლიერება. სწორედ ინოვაციური საგადასახადო სისტემები, ფინანსური ტექნოლოგიები და სტაბილური საფინანსო სექტორი ქმნის იმ საყრდენს, რომელიც შუა დერეფანს არა მხოლოდ ყველზე ეფექტიან სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტად, არამედ ფინანსურ ჰაბადაც აქცევს. საქართველო სწორედ ამ მიმართულებით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ახალ ფინანსურ სერვისებზე ორიენტირებული მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ამცირებს ბარიერებს ახალი მოთამაშეებისთვის და ამავდროულად, იცავს ფინანსურ სტაბილურობას.

„საკანონმდებლო ინიციატივებმა, როგორიცაა ციფრული ბანკების ლიცენზირების რეჟიმი, ღია ბანკინგი, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო და სხვა, ხელი შეუწყო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების დანერგვას, ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციას. აღნიშნული ინიციატივები და მარეგულირებელი ჩარჩო საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში სტაბილურად განვითარდეს როგორც ტრადიციული საბანკო სექტორი, ასევე, საშუალება მიეცეთ ახალ დაინტერესებულ მხარეებს, დაიმკვიდრონ ადგილი საფინანსო სექტორში. ვიმედოვნებ, დღევანდელი ღონისძიება წაახალისებს რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, რაც ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და რეგიონის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა. გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად,  საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება-– აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ამირან გამყრელიძე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე – ასეთი ტიპის მოპყრობა, რაც ვნახეთ, დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა – როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა მოსახლეობაზე?

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული წევრია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების. გამორჩეული თავისი მაღალი პროფესიონალიზმით, ადამიანობით, პატიოსნებით, ჰუმანიზმით, პატრიოტიზმით და ყველა იმ თვისებით რაც ექიმებს ახასიათებთ. აღნიშნული ვაჟამ მრავალჯერ დაუმტკიცა თავის ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე? დავიჯერო ვინც ამას ავალებს და აკეთებს თვითონ სჯერა, რომ ეს ხალხი, ვინც თითქმის ერთი წელია რუსთაველზე დგას, მართლა „ხალხის მტრები“ არიან? ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გავიმეორებ რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე.თავისუფლება ვაჟას, გამორჩეულ ექიმსა და პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ უკვე ათეულობით დაპატიმრებულ მოქალაქეს!”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 22 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას.  

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.„ყველას კარგად ემახსოვრება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ტრამვაის დაბრუნების შესახებ. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა დადიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას დასამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ე.წ.Design-Build მეთოდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოსმოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის 36 თვე მიეცემა.

ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლების პირობებში ცხრა მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი, ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი

წინა ხელისუფლების პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ ბიუჯეტში შევა მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.„პირველ რიგში, მარიამ ქვრივიშვილს მინდა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოეწერა. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6,5 მილიარდი დოლარი მარტო ერთი კომპანიიდან. წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის დროს, 9 მილიარდი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი ჯამი. ახლა მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6,5 მილიარდი დოლარი. თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მშპ-ს განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და მარიამ ქვრივიშვილს კიდევ ერთხელ მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის, რომელიც შეტანილ იქნა ხელშეკრულებაში“, – განაცხადა პრემიერმა. 

შალვა პაპუაშვილი – უცხოურმა გეგმამ კიდევ ერთხელ იწვნია მარცხი, ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტები ემსახურება გეგმის გადალაგებას, რომ კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უცხოურ დაკვეთას ასრულებს და საზღვარგარეთ მათი ვიზიტები ემსახურება მითითებების მიღებას.პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხი არ აინტერესებს.„არანაირი თნხის დახარჯვა ოპოზიციას არ სჭირდება. ისინი ასრულებენ უცხოურ დაკვეთას, არიან მათი გავლენის აგენტები და ჩადიან ცენტრში მითითებების მისაღებად. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვაკვირდებით ზუსტად ამას, რომ ცალ ფეხზე მდგომი ენჯეოშნიკები და ოპოზიციონერები თავიანთ ცენტრს ესაუბრებიან მხოლოდ, ქართველი ხალხი მათ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისინი არიან იარაღი, რომელსაც იყენებს მათი ცენტრი. ასე რომ, ეს ვიზიტები, როგორც არჩევნებამდე, ისე მას შემდეგ ემსახურება ზუსტად იმას, რომ კიდევ ერთხელ იწვნია უცხოურმა გეგმამ საქართველოში მარცხი და ახლა მოხდეს გეგმის გადალაგება, რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება. ამიტომაც მიდიან საზღვარგარეთ, რომ ადგილზე, კონსპირაციულად, ისე, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ დაინახოს, ვერ გაიგოს, ვის ხვდებიან და რაზე საუბრობენ, კონსპირაციულად მიიღონ დავალებები საქართველოსთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები