ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის ომის მესამე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, თამამად გაუსწოროს თვალი ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენ ჩვენი ღირებულებების, პრინციპებისა და რწმენების ერთგულნი დავრჩით, ამიტომაცაა, რომ გასული წლის ოქტომბერში მეოთხედ აგვირჩიეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ეროვნული ინტერესები ჩვენი ხელისუფლების წარმმართავი პრინციპია, რომელიც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვას, ქვეყნის გამთლიანებას და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოიცავს. ამგვარად ჩამოყალიბებული ეროვნული ინტერესები, ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. სწორედ ეროვნული ინტერესების ამგვარი გაგება ედო საფუძვლად ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ მივიღეთ.

მივყვეთ ბოლო წლების ძირითად თარიღებს, რათა გავიხსენოთ, თუ როგორ განაპირობებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები საქართველოს საგარეო კურსს.

ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელშიც „ომის დაუშვებლობაზე“ იყო საუბარი და რომელიც ყველა მთავრობას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინათ ვითარების ესკალაციისაგან. სამი წლის წინ მიღებული ეს რეზოლუცია კარგად ეხმიანება აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მოსაზრებებს, რომლებიც მშვიდობის ქვაკუთხედადაა მოაზრებული“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

„ვიყავით თანაავტორი და ხელმომწერი ყველა საერთაშორისო პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტისა, რომელიც რუსულ აგრესიას გმობდა; გამოვრიცხეთ რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა; მივაწოდეთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას; შევიფარეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.

თუმცა, ღია და ფარული წნეხის მიუხედავად, ჩვენ არ დაგვიწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთისათვის და არც სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეგვიზღუდავს, ვინაიდან ნათელი იყო, რომ ამგვარი ესკალაცია რუსეთისათვის საგრძნობი საერთოდ არ იქნებოდა, საქართველოსთვის კი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო გარანტიების არარსებობის პირობებში ეკონომიკურ კოლსაფსსა და ახალ ომს გამოიწვევდა.

უკრაინის მიმართ ჩვენი ქმედითი სოლიდარობის მიუხედავად, ზელენსკის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გაუგებარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის მთავრობამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, თავად ზელენსკიმ კი საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო შეკრებას მიმართა სიტყვებით, რომ „ქართველი ხალხი უკეთესი იყო, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება“, რითიც ცხადად წააქეზა საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველმა, ღიად მოგვიწოდეს, ძალით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ცხვინვალის რეგიონი. კარგად გვახსოვს უკრაინის ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ „ბომბები ერჩივნათ იმ სირცხვილს“, რომელიც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკამ გამოიწვია.

დასავლეთის ზოგიერთი დედაქალაქის რეაქციაც არ იყო ამაზე უკეთესი. იმ ფონზე, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი თავად მოგვიწოდებდნენ „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“, მათ ახლა, მოულოდნელად, ჩვენი მთავრობისაგან რუსეთის მიმართ აგრესიული პოზიციის დაკავება მოითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პოზიცია განმეორებითი სამხედრო კონფლიქტის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიისა თუ ეკონომიკური სოლიდარობის შემოუთავაზებლად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის, „რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა“.

„2022 წლის ზაფხულში საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მოწინავე ქვეყანა ვიყავით აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში ევროკავშირის ყველა ინდიკატორის მიხედვით და დღემდე ვრჩებით ბევრი ნიშნით მოწინავე ქვეყნად ევროკავშირის ყველა კანდიდატ სახელმწიფოს შორის. ამ გადაწყვეტილებამ რადიკალური ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მიერ მართული პროტესტის ტალღა გამოიწვია.

2023 წლის და, შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონის“ მიღების გაპროტესტების საბაბით, რადიკალურ ოპოზიციასა და უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიეთითათ, მოეწყოთ ძალადობრივი დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. ასევე, დაიწყო ორკესტრირებული საერთაშორისო კამპანია საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე იმ საბაბით, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო მოხსენება არაფერს ამის მსგავსს არ შეიცავდა. ხელისუფლების საწინააღმდეგო პროტესტი კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა, ხოლო დასავლეთის ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ამ ძალადობის შეფასება გამაოგნებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ „მშვიდობიანად“ მოიხსენიებდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურ რეაქციას „ძალადობრივს“ უწოდებდნენ.

როგორც ქვეყნის შიდა რადიკალების, ასევე მათი უცხოელი მფარველების მხრიდან გამუდმებული წნეხის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დანაღმულ ველზე ქვეყნის მშვიდობიანი გაყვანა. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ორიენტირი, რომელმაც საშუალება მოგვცა, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა, იყო ჩვენი ხალხის სიბრძნეში რწმენა და ეროვნული ინტერესების ერთგულება.

2009 წლის მარტში, რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან სულ რამდენიმე თვეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს „გადატვირთვის“ სიმბოლური ღილაკი გადასცა. მომდევნო წელს ამერიკელმა და დასავლელმა სამხედროებმა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღნიშვნაში. საქართველო მიგდებული აღმოჩნდა. დასავლეთში ეს სამარცხვინო ფაქტი ვერც კი შენიშნეს, მაგრამ საქართველომ საჭირო გაკვეთილი მიიღო.

როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის ოქტომბერში არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სუვერენიტეტის დაცვისათვის ზრუნვა დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია ეროვნული ინტერესების დაცვაში. ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე საერთაშორისო სოლიდარობის ნებისმიერი ყალბი ფილოსოფია, რომელიც ჩვენ მანამდე უკვე გამოცდილი გვქონდა, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის ათწლეულებში საქართველოს ეროვნული მისწრაფებები „კომუნისტური ინტერნაციონალის პროლეტარული სოლიდარობის“ სახელით ითრგუნებოდა. ამის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიბიძგებდნენ იქითკენ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ახალი ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის გაუგებარი მოთხოვნებისთვის დაგვექვემდებარებინა.

ეს არ მოხდება, მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მმართველობისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ელინა ვალტონენი – ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული

ჩვენ ვახდენთ მონიტორინგს და ვხედავთ გასული კვირების და თვეების განმავლობაში, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ეუთო-ში ძალზედ შეშფოთებულები არიან არსებული სიტუაციის გამო. „ამას ვამბობ, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციის გამო. ეუთო/ოდირის ანგარიშმა მისცა კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ვალტონენმა.

ლევან დავითაშვილი – მთელი ძალისხმევა მიმართული გვექნება, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის მაღალი, 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახა და გასულ წელს დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „ბუნებრივია, რომ ის ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც 2024 წელს გვქონდა, უნდა ასახულიყო დასაქმების მაჩვენებლებზე – გასულ წელს დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 70,000 ადამიანით გაიზარდა და, ფაქტობრივად, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ 1,402,000 დასაქმებული გვყავდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია. ჯამში, 2024 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობა შემცირდა დამატებით 2.5%-იანი პუნქტით და 13.9% შეადგინა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ უმუშევრობის არსებული მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელია საერთაშორისო სტანდარტებით, თუმცა აქამდე არსებული საუკეთესო შედეგია და რაც მნიშვნელოვანია, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობა დასაქმებული იყოს, ეზრდებოდეს შემოსავალი და ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. „შემდეგ ოთხწლიან პერსპექტივაში შევქმნათ 200,000 სამუშაო ადგილი – ეს დაპირება რჩება უმთავრეს პრიორიტეტად. ამისკენ გვექნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური, ასევე მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გენერირება და დავასაქმოთ ჩვენი მოსახლეობა. ეს არის ჩვენი მთავრობის უმთავრესი ფოკუსი და პრიორიტეტი. ცალსახაა, რომ ოპოზიციისთვის ეს არ არის იგივე, პირიქით, მათთვის, პრინციპში, საპირისპირო ამოცანა და გეგმაა პრიორიტეტი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უბრალოდ ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად ისაუბრა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვრის თვის ეკონომიკურ ზრდას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინასწარი მონაცემებით, ის ასევე მაღალი იქნება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს

მარტში უკრაინა ევროკავშირისგან 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ომის დაწყების მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტს ესწრება. „ევროპა აქ არის, რათა ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინა გააძლიეროს. შემიძლია გამოვაცხადო, რომ უკრაინა 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ ტრანშს უკვე მარტში მიიღებს. როგორც პრეზიდენტმა კოშტამ განაცხადა, იმართება ევროპული საბჭოს სპეციალური სხდომა, სადაც მე წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმავს, თუ როგორ გავაფართოოთ ევროპული იარაღის წარმოება და თავდაცვითი შესაძლებლობები. ამით უკრაინაც მიიღებს სარგებელს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის ბედია. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა ამ დრომდე უკრაინას აღმოუჩინეს 134 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა, რაც ყველაზე დიდი დახმარებაა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია გეგმავს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ამბიციური პაკეტის წარდგენას, რომლის მიზანია უკრაინისთვის მდგრადი, დაცული და კონკურენტუნარიანი ენერგოსისტემის შექმნა. „ჩვენ მოვახდენთ უკრაინის და მოლდოვის ელექტროენერგიის ბაზრის სრულ ინტეგრირებას ჩვენს ბაზაში მომავლის წლის ბოლომდე. ჩვენ გამოვიყენებთ უკრაინის გაზის საცავების სრულ პოტენციალს, რომელთა 80% ევროკავშირის წევრი ქვეყნების სიახლოვესაა განლაგებული. ეს მოუტანს შემოსავალს უკრაინას. ჩვენ დავაჩქარებთ უკრაინის განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციებს. ყველა ეს ძალისხმევა შედეგად გამოიღებს უფრო მეტ ენერგოუსაფრთხოებას როგორც უკრაინისთვის, ისე ევროკავშირისთვის“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მან ასევე უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „არავის სურს მშვიდობა უკრაინელ ხალხზე მეტად. თუმცა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ სიძლიერით. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ თქვენს ეკონომიკას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით ენერგომომარაგების მედეგობას; სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვას. და დღეს ჩვენ ვიღებთ სანქციების მე-16 პაკეტს. ჩვენ გავაძლიერებთ სადამსჯელო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ის არ აჩვენებს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ნამდვილს სურვილს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მაკა ბოჭორიშვილი – საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ვალდებულებების შესრულებაზე

დღევანდელ დღეს, ზუსტად სამი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ეს ომი დღემდე გრძელდება და მას თანახლავს უდიდესი ადამიანური ტანჯვა და საერთაშორისო სამართლის მძიმედარღვევები, ეს ომი ნათლად აჩვენებს ადამიანის უფლებების დაცვაზე შეიარაღებული კონფლიქტების დამანგრეველ ზეგავლენას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 58-ე სესიაზე განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის ასევე კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. „ვიდრე მიმდინარე საკითხებს შევეხები, ნება მომეცით, გავიხსენო კიდევ ერთი თარიღი, 25 თებერვალი, 1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, რომელმაც შვიდი ათეული წლით შეაჩერა ჩვენიქვეყნის დემოკრატიულიგანვითარება. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. ჩვენი უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვითარებისთვის მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საბჭოსთვის კარგად არის ცნობილი იმ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის შედეგად დადგა. ეთნიკური წმენდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა, წამება და მკვლელობა, ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი უკანონო ოკუპაციის თანმდევი ატრიბუტებია, რომლებიც თავის მხრივ, იწვევს საზოგადოების გახლეჩვას და ადამიანებს უმძიმეს ჰუმანიტარულ პირობებში აყენებს. რუსეთი კვლავ უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებისა, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ორივე რეგიონში ოკუპაციასა და ადამიანის უფლებების მიმდინარე დარღვევაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილებისთვის სამშობლოში დაბრუნების უფლების წართმევის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და არ გააჩნია სამართლებრივი ძალა, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. „გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) ყოველწლიური რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“ კვლავ განიხილავს ადგილზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და არაერთხელ მოითხოვს ორივე ოკუპირებულ რეგიონთან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელ და დაუყოვნებლივ წვდომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წელს სექტემბერში, საქართველო კვლავ წარადგენს რეზოლუციას და ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. თქვენო აღმატებულებებო, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლება დემოკრატიული მმართველობის არსებითი ელემენტია. 2024 წელი რეკორდული საარჩევნო წელი აღმოჩნდა გლობალურად: საარჩევნო უბნებთან ხმის მისაცემად ამომრჩევლები, 60-ზე მეტ ქვეყანაში მივიდნენ. გასული წლის 26 ოქტომბერს, უამრავ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ აკეთებდა თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანს საქართველოს ორი მილიონი მოქალაქე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ამასთან, სესიაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, საქართველო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან. „საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ჟღერდებასპეკულაციები, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. უნდა შეწყდეს ხელოვნური კრიზისის შექმნასა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული მანიპულაციების გამოყენება და ხალხის დემოკრატიული არჩევანის შედეგებს პატივი უნდა ვცეთ. ძვირფასო კოლეგებო, მჯერა, რომ მშვიდობის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევას შეუძლია უფრო საიმედოდ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა. ნება მომეცით, მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო: 2012 წლიდან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა: 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ 3045 საჩივარი და 2024 წლის ივლისის მდგომარეობით – 175 საჩივარი მნიშვნელოვან შედეგის დასტურს წარმოადგენს და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ შეიქმნა პოზიტიური რეპუტაცია სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით. 104 საქმიდან 86 დაიხურა 2013 წლიდან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და პროგრესს ინკლუზიური ეკონომიკის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებისა და სოციალური ექსკლუზიის შემცირების თვალსაზრისით, გადაუდებელი სოციალური პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველო კვლავ მხარს უჭერს საბჭოს მანდატის ეფექტიან განხორციელებას და თავის როლს ასრულებს ქალებისა და გოგონების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული პირების უფლებათა ხელშეწყობის კუთხით, ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) წინაშე ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ახალი ინიციატივა, შესწავლილ იქნას ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) ფაკულტატიური ოქმის შემუშავები სშესაძლებლობა უფასო განათლების უფლების გაძლიერების მიზნით. საქართველო შესაბამისი სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობით გამოხატავს მხარდაჭერას. დასასრულს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მთავრობის სრული მზადყოფნა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCHR) და აქტიური ჩართულობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე – საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის. „საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი – 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3%-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა, წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.

ბოლო სიახლეები