დადგება ახლა 28 თებერვალი და სამი წლის თავზე აუცილებლად აღვწერ, რა შეხვედრა შედგა ჩემს კაბინეტში და რა მოთხოვნები იყო მაშინ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მმართველი გუნდი მუდმივად საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხეზე, საუბარი იყო, რომ ხორცხიელდებოდა ზეწოლა რამდენიმე დიპლომატის მხრიდან, ასევე საერთაშორისო ზეწოლა და დღეს როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ყველა მიმართულებით ღიად საუბრობს, ხომ არ არის დრო, რომ მმართველმა გუნდმაც კონკრეტული სახელებითა და გვარებით ისაუბროს, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ დეტალზე უკვე ისაუბრეს, ხოლო 28 თებერვალს აპირებს, დეტალურად აღწეროს შეხვედრა, რომელიც სამი წლის წინ ამ დღეს შედგა მის კაბინეტში.
„აი, 28 თებერვალი რომ დადგება, მაშინ აღვწერ, თუმცა მე ამაზე მისაუბრია კიდევაც, რასთან გვქონდა საქმე. ეს დღეები ისე შორს არ არის, რომ ვერ შევძლოთ გახსენება და გავიხსენოთ. შეგახსენებთ, ომის დაწყებისთანავე რა მოთხოვნები წამოვიდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ გაგვეგზავნა მოხალისეები. სამი წელი გავიდა და რომელიმე ქვეყანას მოსთხოვა ზელენსკის ადმინისტრაციამ, რომ დაეორგანიზებინათ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა? რატომ მაინცდამაინც საქართველოს მოადგა? ჯერ ეს იყო არასაჯაროდ შემოთვლილი, რომ მზად იყვნენ, მიეღოთ მოხალისეები, ამისთვის გამოეყოთ თვითმფრინავი და ა.შ; სჭირდებოდათ საქართველოს მთავრობისგან ამის ორგანიზება, თანხმობა და ა.შ. ამაზე მიიღეს უარი იმ მხრივ, რომ სიტუაციას უნდა მოეკიდონ გაგებით, რა სიტუაციაში იმყოფება საქართველო და ეს არ იყო მეგობრული თხოვნა, რომელიც მაშინ უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღეთ. ეს იყო თავდაპირველად, დიპლომატიური არხებით ასე ვთქვათ, თხოვნა, მოთხოვნა არ იყო, მაგრამ თხოვნა იყო, რომ ეს იქნებ, დაეორგანიზებინა ხელისუფლებას, მოხალისეების გაშვება, ვინაიდან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იყვნენ მსურველები, ომში წასულიყვნენ. ამ შემთხვევაში პასუხი იყო, რომ თუ ხელისუფლება დააორგანიზებს ასეთ რეისებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდებოდა მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავდა ომში ჩაბმას პირდაპირ, ეჭვგარეშე და საქართველო გახდებოდა ომის მონაწილე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე მიიღეს თხოვნა, რომ ასეთი თხოვნით აღარ მოემართათ.
შალვა პაპუაშვილმა ასევე თქვა, რომ ახლა, როცა მათ შორის, რაღაც კვანძებიც იხსნება, მეტი ინფორმაცია გამოდის და მეტ რაღაცაზე საუბრობენ თავად ისინი, ვინც თავად იყვნენ ამ ომში უშუალოდ ჩართული, ამ ადამიანებმა ახლა მაინც გამოიტანონ დასკვნები, რომ არაფერი არ არსებობს საკუთარი ქვეყნისა და ერის ინტერესებზე მაღლა.
„მაშინ, ამ ხალხმა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა სხვისი ინტერესები და გარკვეულწილად, თავისი თავი გამოაყენებინა სხვებს იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ წასულიყვნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა, მეტი თქვას იმაზე, რაზეც 28 თებერვალს უნდა ისაუბროს, ანუ იყო თუ არა მოთხოვნა, საქართველო ჩართულიყო უშუალოდ ომში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია და ამიტომ, მასთან საუბრები სხვა არის და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან საუბრები სხვა იყო.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი ითქმება, თუმცა მოწოდებები მათგან, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, საჯაროდ უარყოფნენ, თითქოს ამას არ ითხოვდნენ ჩვენგან, ეს დახურულ კარს მიღმა ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.