ორშაბათი, აპრილი 28, 2025

შალვა პაპუაშვილი – არჩევნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო ბოიკოტმა თუ ვინმე პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თავად რადიკალური ოპოზიციაა

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა. სკეპტიკოსთა თუ ავისმსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, განვლილ პერიოდში უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი მიიღეს, რაც მნიშვნელოვანია, კარგად შევაჯამოთ და გავიაზროთ. ზოგიერთების მოკლე მეხსიერებას სჩვევია ისტორიის გადაწერა და საკუთარ დღის წესრიგზე მორგება, რის საშუალებასაც, ბუნებრივია, არ მივცემთ.

რეფერენდუმი

ჩვენ გვახსოვს, რომ გასული საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ რეფერენდუმად მონათლა და თქვა, რომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ევროპასა და რუსეთს შორის. ეს კამპანია 2024 წლის მარტის პირველივე რიცხვებში სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო და მასში უცხოური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა დააანონსა. საბოლოოდ, ყველა ოპოზიციური პარტია თუ ენჯეოლიდერი ამ ხედვის ქვეშ დადგა და ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტის გამკეთებელ ხელისუფლებას ევროპის სახელით დაუპირისპირდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოწვევა მიიღო. იყოს რეფერენდუმი, ვთქვით ჩვენ. ოღონდ ჩვენ ხალხს ავუხსნით, რეალურად რა რეფერენდუმია ეს. რასა და რას შორის ვირჩევთ. „ქართული ოცნების“ კამპანია სწორედ ამ ხედვის გაზიარებას დაეფუძნა. ადამიანებს უნდა აერჩიათ წარსულსა და მომავალს შორის, ომის საფრთხესა და მშვიდობას შორის, დისკრედიტირებულ, დამნაშავე პოლიტიკოსებსა და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შორის, ძალაუფლების წყაროს ქვეყნის გარეთ ძიებასა და ხალხის ნებას შორის, უცხოურ გავლენასა და თვითმყოფადობას შორის. და კიდევ უამრავ მსგავს ორ პოლუსს შორის, რომელსაც ცალსახად, კრისტალიზებულად და ერთმნიშვნელოვნად განასახიერებს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია და „ქართული ოცნება“.

უცხოეთის გავლენა

სხვა წინა არჩევნებისგან უპრეცედენტო და განსხვავებული რაც ვნახეთ, იყო უცხოეთის ღია და პირდაპირი ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესში და ხალხის ნებაზე დაუფარავი ზემოქმედება. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით პირდაპირაა აკრძალული, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის ღია და თავისუფალ კონკურენციაში ზოგიერთმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დაიჭირა ცალსახა მხარე ოპოზიციის სასარგებლოდ და მათი განცხადებები პირდაპირ მიმართა ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.

გარდა პირდაპირი აგიტაციისა და მოწოდებისა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა პირდაპირი მინიშნებები და მუქარა, რომ არჩევნების არასასურველ რეზულტატს მოჰყვებოდა სათანადო სადამსჯელო შედეგები, სანქციები, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სხვა ინსტრუმენტების ამოქმედებაც. დიპლომატიურ წარმომადგენლებთან უნისონში, მთელი რიგი ოდიოზური ფიგურები სხვადასხვა დედაქალაქების პარლამენტებიდან ბევრად ხისტად და დაჟინებთ ზემოქმედებდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესზე, რასაც ოპოზიციის კუთვნილი მედია სრულიად ევროპულ პოზიციად გვისაღებდა.

პოლარიზაცია

საარჩევნო პროცესში ამგვარმა ჩარევამ და რადიკალიზაციამ წარმოშვა სრულიად პოლარიზებული გარემო, სადაც ქვეყნის მოქალაქეები მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში სასურველი პარტიის არჩევის ნაცლად ჩათრეული აღმოჩნდნენ სრულიად პოლარიზებულ, აპოკალიპტურად დამუხტულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყნის ბედისწერა უნდა გადაეწყვიტა. ეს ხელოვნური პოლარიზება ხელისუფლებისგან ითხოვდა კარგად გააზრებულ მოქმედებას, ერთი ხელით ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, დაეცვა საკუთარი ხედვა და პოზიცია, ელაპარაკა ხალხთან, ხოლო მეორე ხელით უზრუნველეყო სამართლიანი გარემო და არჩევნების თანასწორ და გამჭვირვალე პირობებში ჩატარება.

მართლაც, 27 ოქტომბრამდე ქვეყანაში არ გაჩენილა არცერთი პრეტენზია ცესკო-ს საქმიანობის და ახალი, ელექტრონული მთვლელი მანქანების საშუალებით არჩევნების ჩატარების მიმართ. ყველა დამკვირვებელი, წარმომადგენლობა და თვით ოპოზიციაც სრული სისავსით დადებითად აფასებდა გაწეულ სამუშაოს. „სათამაშო მოედნის“ მიმართ თვით 26 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სერიოზული პრეტენზია არ გამოთქმულა.

ხალხის არჩევანი

ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კამპანიაში გახმიანებული თემა ომის არდაუშვებლობის შესახებ პრაქტიკულად დადასტურდა საარჩევნო პროცესში უცხოეთის პირდაპირი ჩართვით, რომელიც ცალსახად ისახავდა მიზნად ხელისუფლების ცვლილებას. ტაქტიკური გათვლა კი მდგომარეობდა იმ ცრუ მოლოდინზე, რომ ფოჩიანი კანფეტის თუ თაფლაკვერის დაპირებით ქართველი ხალხის უმრავლესობა მოტყუვდებოდა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს განუდგებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მატარებელი ერი, რომელმაც ისტორიის მიმდინარე ეტაპზეც არაერთი მწარე გაკვეთილი იწვნია, ასე ადვილად ანკესზე ვერ წამოეგებოდა.

თაფლაკვერის დაპირებას მათრახის მუქარაც მოჰყვებოდა სანქციებისა და სადამსჯელო მექანიზმების სახით, თუმცა მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ სწორი არჩევანი გააკეთა და საქართველოს ეროვნული ინტერესებს, დიდ ომში მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას მისცა ხმა. ეს დიდი შემობრუნება ჩვენი სამშობლოს ავის მოსურნეთათვის სილის გაწვნად იქცა და მათრახმაც არ დააყოვნა. უცხოეთის ცრუ მოლოდინმა – იმედგაცრუება, ხოლო იმედგაცრუებამ ბრაზი გამოიწვია.

შანტაჟი

26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ჯამურად ხმათა 38% მოაგროვა, რაც სარეფერენდუმო პროპაგანდისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. თითქოს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ოპოზიციას უნდა გახარებოდა, სამომავლო საქმიანობის კარგ ბაზისად ექცია და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საქმიანობის გასაგრძელებელ მოტივაციად ქცეულიყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხოელ პატრონებს მხოლოდ ერთი შედეგი აძლევდა ხელს – ხელისუფლების ცვლილება. დემოკრატიის განვითარება და წინგადადგმული ნაბიჯი ლიტონი ტერმინი გამოდგა. ამიტომ გვახსოვს, არჩევნებიდან ორ დღეში მიღებული მითითებები, იპოვნეთ და მოაგროვეთ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები. და ასევე გვახსოვს სასოწარკვეთილი ოპოზიციის განწირული მცდელობები, ხან ციური 300 ათასი ზედმეტი ხმა ეპოვნათ და ხან „გაჟონვის“ მითი გამოეგონებინათ.

ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელით პირდაპირ უბიძგეს ბოიკოტის გამოცხადებისა და დაუმორჩილებლობისაკენ. დაიწყო შანტაჟის მორიგი რაუნდი, არაღიარებით ვაჭრობა, რომლის მსგავსიც 2020 წლის არჩევნებზეც ვნახეთ. შანტაჟის გამოყენებაზე უარი მაშინაც არ თქვეს, როდესაც დაინახეს – ხალხი არჩევნების შედეგს არ აპროტესტებს, დემონსტრაციები არ იკრიბება, გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პარლამენტი კი წარმატებით შეიკრიბა და სხდომებიც გაიხსნა.

ჩვენ დავინახეთ უცხოური შანტაჟის გაგრძელების მკაფიო სცენარი – ოპოზიციის მხარდაჭერა, დიპლომატიური წარმომადგენლობების დუმილი, ბოიკოტი, დისტანცირება, კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების მორყევა და ისეთი ჩუმი კრიზისის შექმნა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ტყუილთან კომპრომისის საჭიროებას წარმოშობდა.

28 ნოემბერი

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის გახსნიდან ორ დღეში, უკმაყოფილო უცხოეთის მხრიდან დემარშისა და მტრული განწყობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის რეჟიმში ყოფნაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ ქვეყანა არ ჩადგებოდა მდგომარეობაში, როდესაც მისი პოლიტიკა უნდა დაექვემდებაროს გარე მითითებებს, ხოლო მითითებების არშესრულების შემთხვევაში შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნებოდა „თაფლაკვერების“ ვერმიღება, შიდა არეულობის ინსპირირება და სხვა მსგავსი იარაღი.

„ქართულმა ოცნებამ“, ამომრჩევლის უმრავლესობის ნებაზე დაყრდნობით, თვალი გაუსწორა შექმნილ ვითარებას და გარე ჩარევას სათანადო პასუხი გასცა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გავაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მუშაობას 2028 წლამდე, მანამდე კი მოლაპარაკებების გახსნას და სხვა შუალედურ ეტაპებს ვაჭრობის საგნად არ ვაქცევდით. ეს განცხადება უკმაყოფილო, იმედგაცრუებულმა და გაბრაზებულმა უცხოეთმა თბილისში საპროტესტო გამოსვლების დასაწყებად გამოიყენა.

დაპირისპირება

გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა. არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა.

ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვაუხვობდნენ, ახლა კი, სწორედ მათი ინსპირირებით, როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მათ კარგად ესმოდათ ქვეყანაში დაპირისპირების რეალური მიზეზი და არათუ არაფერი გააკეთეს ოპოზიციისთვის ცრუ ნარატივის გამოსართმევად, არამედ ყოველგვარად წაახალისეს პარლამენტზე თავდასხმა. მანამდე, პირველად ჩვენს ისტორიაში, დემონსტრანტს ცოცხალი ადამიანისთვის „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. სწორედ ამის შედეგად ვიხილეთ პირდაპირი მნიშვნელობით გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზირზე.

პროპაგანდის მარცხი

სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა საერთაშორისო ვაჭრობის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნამდვილი ამერიკული ინტერესების მიმართ გლობალისტური ძალებისა და ომის პარტიებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და, მათ შორის, საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები.

სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. ამ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ზუსტად დავინახოთ ამერიკული ინტერესის სამომავლო ფორმირება და მექანიზმები: ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იმავე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ.

გამარჯვება

არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გამარჯვების რწმენა დაუბრუნა. მან არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს, არამედ ოპოზიციურ ელექტორატსაც კარგად დაანახა, რომ:

„ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს;

უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსება ემსახურებოდა უცხოეთის ინტერესებსა და მათ დღის წესრიგს;

ომის საშიშროება რეალურია და ომის მსურველთა გეგმების მორევა ამერიკის პრეზიდენტის ნებასაც კი უჭირს;

ქართული ოპოზიცია მიბმულია გარედან მიღებულ ინსტრუქციებს და ხალხის ლეგიტიმაცია მათთვის არაფერია;

ქვეყანაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტი მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება – „ქართული ოცნებაა“.

შეცვლილი საერთაშორისო ვითარების კვალდაკვალ, ხელისუფლებამ ოპონენტი პარტნიორები აიძულა, რომ მისი სამართლიანი, კანონიერი და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული მოთხოვნებისთვის ანგარიში გაეწია. დაიწყო შეხვედრები, გამოჩნდა დიალოგის ნიშნები, დაიძრა ურთიერთობები, ხოლო მტრულად განწყობილი გარე ჯგუფების მხრიდან საქართველოს იზოლაციის მცდელობა და სანქციებით დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველო კვლავ რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის ახალი ფურცლის გადასაშლელად.

საბოლოოდ მიღწეული მონაპოვრის განმტკიცება და გამარჯვება შემოდგომაზე გასამართ არჩევნებზე მოხდება. მნიშვნელოვანია, უცხო გავლენების მატარებელი ადამიანებით დაკომპლექტებულ პარტიებს საზოგადოებამ სათანადო განაჩენი გამოუტანოს და თავისი ხმა არგუნოს იმ პარტიებს, რომლებიც ქართული ეროვნული ინტერესების სათანადოდ მოქმედებენ. პარტიებს შორის განსხვავებები სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე თემებს უნდა ასახავდეს და მათი დღის წესრიგი უცხოეთის გავლენას არ უნდა ატარებდეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლობის განმტკიცების ამ გზას დიდ წერტილს დაუსვამს.

მიზანი

„ქართული ოცნება“ სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი ისტორიის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მახასიათებელი და ამით განვსხვავდებით ძალაუფლების წყურვილით აღსავსე, რევანშის სურვილით დაბრმავებული და მოკლე თვალთახედვის მქონე ოპონენტებისაგან.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყნის მართვა გვხვდა წილად, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა. ამ გადმოსახედიდან კი რამდენად სავალალოდ ჩანს ჩვენი უახლესი წარსული, ავანტიურისტი ხელისუფლების და მმართველების მიერ უცხო ინტერესების მსახურად და ასპარეზად ქცეული სამშობლო, რომელსაც უდიდესი სისხლის ფასად დღემდე მოტანილი მიწებით მოუწია შეცდომათა ზღვა. ამ მძიმე წარსულისა და გამოცდილების ფონზე, რამდენად დასაფასებელია „ქართული ოცნების“ მცდელობა, სიფრთხილე, რუდუნება, ბეწვის ხიდზე გაეტარებინა ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავლის პერსპექტივას გაფრთხილებოდა.

სწორი მართვა, ცოდნა, სიბრძნე, გამოცდილება – ეს მხოლოდ საშუალებებია, მთავარი ამ პროცესში სამშობლოს უდიდესი და უპირობო სიყვარულია. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ ხალხთან ერთად, რომელსაც ზუსტად ესმის და გრძნობს, თუ სადაა სინამდვილე. ეს ჩვენი სიღრმისეული, 3 000-წლოვანი სიბრძნის დამსახურებაა. იმ სიბრძნის, რომელმაც გლობალური ინტერესებით მოქმედი ძალების პირისპირ საუკუნეები გამოგვატარა და დღევანდელობამდე მოგვიყვანა. ასე რომ, გლობალური ინტერესებით მოქმედ ძალებთან ბრძოლა ისევე ძველია, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენი მიზანი ამ ეპიკურ დაპირისპირებაში ისევე სახელოვნად გამარჯვებაა, როგორც ამას ჩვენი ბრძენი წინაპრები ახერხებდნენ.

უახლოესი მიზანი კი, ცხადია, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებაა. გლობალური „დიფ სთეითი“, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სახელმწიფოებსა და კორპორაციებზე, საკუთარი ინტერესების გატარებას მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში გავლენათა კოორდინაციით ახერხებს. ქართული ოპოზიცია, სამწუხაროდ, ამ უცხო გლობალური ინტერესის ბრმა იარაღად იქცა და ნამდვილ, ქართულ, მშობლიურ გამოცდილებას დაუპირისპირდა.

ჩვენ ამ ბრძოლას კიდევ ერთხელ მოვიგებთ და საქართველოში ახალ ფურცელს გადავშლით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 3 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შაბათს, 3 მაისს ყრილობაზე აირჩიონ.ვოლსკის თქმით, ყრილობის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ყრილობა შაბათს ჩატარდეს.„სულ მალე იქნება ყრილობა და, რასაკვირველია, იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ. ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი, ზოგადად მოსაზრებაა. ალბათ, სწორი იქნება, დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება, პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, არამედ მაღალი დონის სპეციალისტია და არ გამორიცხავს, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკაში ვიხილოთ.„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. მას შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ, იგი პოლიტიკაში ვიხილოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა მენტორობით, აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა გუნდები ინოვაციური STEM პროექტების შექმნაზე იმუშავებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მოქმედ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრს, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი ეწვივნენ.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, შედეგად იმ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდებმა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მეცნიერთა მენტორობით განახორციელეს და სხვადასხვა დროს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვება მოიპოვეს.სტუ-ის ინფორმაციით, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები, ინოვაციურ პროექტებს უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრის, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილისა და უნივერსიტეტის მკვლევართა მენტორობით შეიმუშავებენ.„სამომავლოდ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე - „ლეონარდო და ვინჩი“ - წარადგენენ. მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ მოსწავლეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით, მხარდაჭერა მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა აღუთქვა.სტუ-ის ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრში მოსწავლეებთან შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, მინისტრის მრჩეველი ნინო ლობჟანიძე, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო სიჭინავა და ფიზიკის პედაგოგი ლია ოხანაშვილი ესწრებოდნენ.ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის პროცესში, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ახლადჩამოყალიბებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, ეფექტურად გამოიყენონ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის მდიდარი ლაბორატორიული რესურსი და სწავლების თანამედროვე მეთოდებთან ერთად, წარმატებით შეითვისონ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის STEM უნარ-ჩვევები. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მოსწავლეებს სამეცნიერო ასპარეზზე წარმატებები უსურვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერმა, ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო ცენტრში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული მოსწავლე-ახალგაზრდების არაერთი თაობა აღიზარდა და ინოვაციური საინჟინრო გამოგონებების მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დავით სონღულაშვილის თქმით, სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ახალი გუნდები უკვე უახლოესი მომავლიდან, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა მენტორობით, პროექტებზე მუშაობას ონლაინ ფორმატში შეუდგებიან.„საგულისხმოა, რომ ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეთა ნიჭიერი თაობები აღიზარდა და მათ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს. მხედველობაში გვაქვს მათ მიერ STEM მიმართულებით შემუშავებული ინოვაციური პროექტები და სხვადასხვა კონკურსებში მოპოვებული გამარჯვებები. სასიხარულოა, რომ ამჯერადაც, სენაკის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები იმდენად არიან მოტივირებული, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩამოაყალიბონ გუნდები, რომლებიც STEM პროექტებზე იმუშავებენ. მათ მენტორობას გავუწევთ როგორც მე, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევრები. სამუშაო საკმაოდ ბევრია. უახლოესი მომავლიდან მუშაობას ინტენსიურად, ონლაინ ფორმატში შევუდგებით, ასევე, დაგეგმილი გვაქვს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარება. ყველა სამუშაო ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება. მომზადებულ პროექტებს წარვადგენთ ისეთ მნიშვნელოვან STEM ღონისძიებაზე, როგორიცაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“. მადლობას ვუხდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პირად მინისტრს, ბატონ ბექა ღვაჩლიანს, მოადგილეს, ბატონ დავით მიქავას, აფხაზეთიდან დევნილი მოტივირებული და ნიჭიერი მოზარდი თაობის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.სტუ-ის ინფორმაციით, პროფესორმა დავით სონღულაშვილმა სენაკის თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრსა და მოადგილეს ვირტუალური მოდელირებისა და პროექტირების საუნივერსიტეტო ცენტრში შექმნილი ინოვაციური პროექტები, რეალური, ვირტუალური და დისტანციურად მართვადი ლაბორატორიები დაათვალიერებინა. ამასთან, აღნიშნულია რომ შეხვედრის დასასრულს საჯარო სკოლასა და მოსწავლეებს STEM პროგრამის კომპლექტები, ულტრაბგერული რობოტი, ფიზიკა-ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიული კურსისა და აფხაზური ენის შემსწავლელი კურსის ელექტრონული პროგრამები საჩუქრად გადასცა.

გია ვოლსკი – პრობლემა ის უსამართლობაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ, ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი

სანქციები უსამართლოა და რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ხელისუფლებაში გამწარებული არიან, ასეთ კნინობით ფორმაში კახი კახიშვილისგან საუბარი მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ხასიათის სიმდაბლეზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს სანქციებთან დაკავშირებით კახა კახიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც კახიშვილი ამბობს: „ვიღაცას აქვს მყარი ნერვები და სანქციებს გაუძლებს, საჯარო მოხელეებზე ვსაუბრობ, ხოლო ვიღაცას ოჯახი ეტყვის – კარგი შენ კიდე, რა გინდა? ბოლო-ბოლო ნუ გადაგვაყოლე ამ „ქართულ ოცნებას“, მოდი, წამოდი აქედან“.ვოლსკის თქმით, სანქციები არავისთვის არ არის სასიამოვნო, თუმცა პრობლემა ის არ არის, რასაც კახიშვილი ამბობს.„არ ვიცი, ამას რატომ და რა მოტივით აკეთებს. პრობლემა ის უსამართლობა და ბნელი კონსპირაციაა, რასაც საქართველოს მიმართ ახორციელებენ. სწორედ ამიტომ ვართ შეშფოთებული, თორემ ნებისმიერ სანქციას უნდა გაუძლო, როცა ადამიანებისა და ქვეყნის ნგრევაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა მელიას პროკურატურაში ბრალს წარუდგენენ

თბილისის პროკურატურაში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას, კერძოდ კი, იქ გამოუცხადებლობას.ცნობისთვის, ნიკა მელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა.აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 000 (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი? –...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დიდი როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში. ექსპერტის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.„როგორ გაუხარდებოდა ეს აღიარება, წარმომიდგენია, მაგრამ ამ "ნიუსს" მეორე მხარეც რომ აქვს? მას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეცნო. გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან - ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი? დამატებითი სანქციები შემოაქვს ფხენიანის წინააღმდეგ? შეშფოთებით აღსავსე, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებს? არა!აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამომცემლობა Axios-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს.ამით რისი თქმა მინდა, ვლადიმერ ვისოცკის არ იყოს - თქვენ ან "ჯვარი მოიხსენით", ან "ნიფხავი ჩაიცვით". გაბედეთ და პუტინის ციტირებას - ტრამპს შეაგინეთ. შეეცადეთ აბა, გაბედეთ! მაგრამ, ყარს თქვენი პრინციპულობა, ყვავის თქვენი სიმხდალე. ტკბებით პუტინის აღიარებით? კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრის გაშუქება არ გამომაპაროთ, ფარჩაკებო!-“ წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები