ანაპის სანაპირო გრუნტში, რომელიც Volgoneft-ის ტანკერებიდან დაღვრილი მაზუთის დიდი ფრაქციებისაგან გაიწმინდა და შეგროვდა, საშიში ქიმიური ნივთიერების, ბენზოპირენის გადაჭარბებული კონცენტრაცია იქნა აღმოჩენილი.
ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა “მოსკოვსკი კომსომოლეცს” განუცხადა.
კვლევა ნავთობგაზის სამეცნიერო-კვლევითმა საპროექტო ინსტიტუტმა და სრულიად რუსეთის გარემოს დაცვის საზოგადოების თანამშრომლებმა ჩაატარეს.
დანილოვ-დანილიანის ცნობით, შეგროვებული ნიადაგის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ მასში ტოქსიკური ნივთიერების მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 22,5-ჯერ არის გადაჭარბებული.
ბენზოპირენი ბუნებრივი კანცეროგენია, რომელიც ტოქსიკურია ადამიანისთვის და ორგანიზმში მოხვედრისას ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების პროვოცირება შეუძლია. ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით მას საშიშროების უმაღლეს, ანუ პირველ კლასს მიაკუთვნებენ.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქერჩის სრუტეში, სადაც ორი რუსული ნავთობტანკერი ჩაიძირა, საწვავის 19 ახალი ემისია დაფიქსირდა. კრასნოდარის მხარეში 265 კილომეტრის სანაპირო ზოლის გამოკვლევა მიმდინარეობს, საიდანაც 177 ათას ტონაზე მეტი დაბინძურებული ქვიშა და ნიადაგი იქნა გატანილი.
ამასთან, ნავთობპროდუქტებმა ანექსირებული ყირიმის სანაპიროს საკმაოდ სწრაფად მიაღწია. ახლახან საწვავის ემისიები უკრაინის ოდესის ოლქის სანაპიროზე, ასევე, აზოვის ზღვაში, ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკთან დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ზღვაში 58 მკვდარი დელფინი იქნა ნაპოვნი, რომელთა მდგომარეობამ აჩვენა, რომ ისინი მოწამვლის შედეგად დაიხოცნენ.
ცნობისთვის: რუსული ტანკერები, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ქერჩის სრუტეში 2024 წლის 15 დეკემბერს ჩაიძირა. ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, აკვატორიაში 4 ათასი ტონა მაზუთი დაიღვარა, რომელთა ნაწილი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ ამ ინციდენტს 21-ე საუკუნის დადგომის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდა, რომლის შედეგების სრულად აღმოფხვრას სამ წელზე მეტი დრო დასჭირდება.