ყაზახეთში იშვიათ მიწათა ლითონების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს, რომელშიც მომავლის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების დაახლოებით მილიონი ტონა მარაგია.
იშვიათ მიწათა ლითონები მოიცავს 17 ნედლეულს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია ჩინეთში, აშშ-ში, ევროპაში, რუსეთში.
„დღეისათვის, ეს გახლავთ იშვიათ მიწათა ლითონების უდიდესი საბადო ყაზახეთში“, – ამბობს ქვეყნის მრეწველობის მინისტრი.
საბადო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ყარაღანდის ოლქში მდებარეობს და შეიცავს ცერიუმს, ლანთანს, ნეოდიმს და იტრიუმს.
აღმოჩენის შესახებ უზბეკეთში გამართულ ევროკავშირი-ცენტრალური აზიის პირველ სამიტზე განაცხადეს.
რესურსებით მდიდარ რეგიონზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.
სამიტში მონაწილეობენ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის — ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან ერთად.
ახალ საბადოს „ახალი ყაზახეთი“ უწოდეს და მრეწველობის მინისტრის პროგნოზით, რესურსების სავარაუდო მარაგი შეიძლება 20 მილიონ ტონამდე გაიზარდოს, რისთვისაც დამატებითი კვლევებია საჭირო.
მისივე თქმით, ამით ყაზახეთი შეიძლება შეიძლება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში მოექცეს იშვიათ მიწათა ლითონების მარაგის მხრივ.
რეგიონის იშვიათ მიწათა ლითონებით დაინტერესებულია ევროკავშირი, რომელსაც 2050 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურობის მიზანი აქვს დასახული.
ყაზახეთს ამ დეპოზიტების მოპოვებისათვის საჭირო ტექნოლოგიები არ აქვს და ამისათვის უცხოურ ინვესტიციებს ეძებს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.