კვირა, მარტი 8, 2026

ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა ისრაელის საელჩოს განცხადება. მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა – თამარ ჩიბურდანიძე

ისრაელის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ საელჩოს მსგავსი პოზიცია შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს როგორც ქართულ, ისე ებრაულ საზოგადოებაში.

„მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს”- აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შენარჩუნება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას საჭიროებს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა დღეს ისრაელის საელჩოს განცხადება.

ეს შეცდომა საელჩოს არ უნდა დაეშვა. ამის საპასუხო რეაქცია ქართული და ებრაული საზოგადოებისგან ისრაელის საელჩოს მიმართ იქნება ძალიან კრიტიკული. მსურს ისრაელის საელჩოს პასუხი გავცე როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც ძალიან უყვარს ებრაელი ხალხი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართულ-ებრაულ მეგობრობას. აქ ხაზს ვუსვამ ნამდვილ მეგობრობას და არა იმას, რაზეც საელჩო მიუთითებს — დიდ პოლიტიკურ თამაშებში საქართველოს შესაძლო გაწირვას. ბატონო ელჩო, ქართულ-ებრაული მეგობრობის სიყვარული რომ კარგად შეიგრძნოთ, ეს სისხლით მორწყული მიწა ისევე უნდა გიყვარდეთ, როგორც უყვართ ქართველ ებრაელებს. თქვენ რომ კარგად იცოდეთ ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია, მაშინ ამ წერილს არ გამოაქვეყნებდით, რომელიც ოპოზიციის დაკვეთას უფრო ჰგავს მათი დასავლელი პატრონებისგან, ვიდრე საქართველოს მეგობარი ქვეყნის პოზიციას. 26 საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა ებრაელები მიიღო უდიდესი სიწმინდეების — წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის და შემდგომ უკვე მაცხოვრის კვართის ჩამობრძანებით.

მას შემდეგ ჩვენი ისტორია ერთად იწერება და არ მგონია მთელს მსოფლიოში იპოვოთ ქვეყანა, სადაც ასე მშვიდობიანად და ხელშეუხებლად ეცხოვროს ებრაელ ხალხს. ვერ იპოვით ისტორიიდან ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ებრაული დიასპორის ან პოლიტიკის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებებით შუღლი ჩაეგდოთ საუკუნოვან მეგობრობაში. თქვენ კი დღეს სერიოზული დისონანსი შეიტანეთ ამ ურთიერთობებში, თუმცა ისიც ვიცით, რომ პოლიტიკა ცვალებადია, ჩვენი მეგობრობა კი — მუდმივი. იქნებ გაიხსენოთ, როდესაც ჰეზბოლამ ისრაელში ტერაქტი განახორციელა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა თქვენს მხარდასაჭერად და ამით სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. არც დღეს აუვლია გვერდი საქართველოს ხელისუფლებას ამ ომზე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებისგან, რაც ასევე გარკვეულ რისკებს შეიცავდა. ეს დიდი სახელმწიფოების დიდი პოლიტიკური თამაშებია საკუთარი დივიდენდების მისაღებად და ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ ითხოვთ საქართველოდან მსხვერპლთშეწირვას? დავიჯეროთ, ოპოზიციის მტრულ ქმედებებს მიჰყვება თქვენი საელჩო და თქვენც მათსავით ითხოვთ საქართველოში ბომბების ცვენას?

ჩვენ გვაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლების და შემდეგ უკვე 2008 წლის სისხლიანი ქრონიკები. სამწუხაროდ, გვახსოვს მეგობარი სახელმწიფოების თავშეკავებული და მოზომილი განცხადებები. გვახსოვს აგვისტოს დღეებში ისრაელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც საქართველოს წინააღმდეგ, რაც დღემდე დიდ ტკივილად გვრჩება. საქართველოში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 5 000-მდე ებრაელი და 500 000-ზე მეტი მუსლიმი. გარდა ამისა, ირანში ცხოვრობს დაახლოებით 400 000 ქართული წარმოშობის ადამიანი. ჩვენ ვართ გლობალური პროცესების ეპიცენტრში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ერთი ზედმეტი სიტყვაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი მეგობრობა. „მეგობრის ჭირში ცნობა“ შეიძლება საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავდეს, მაგრამ არა სამშობლოსის — ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს. მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს,”— წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანმა კიევი ენერგომომარაგების შეზღუდვით ბუდაპეშტზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა – „საბოლოოდ, მათ ფული უფრო ადრე ამოეწურებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი, ამ საკითხში მათ დავამარცხებთ“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებულ დავაში დაამარცხებს.ორბანმა კიევი ენერგომომარაგების შეზღუდვით ბუდაპეშტზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.„საბოლოოდ, მათ ფული უფრო ადრე ამოეწურებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. ამ საკითხში მათ დავამარცხებთ. ბოდიშს არც ველოდები, საკმარისია მილსადენის გახსნა“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლო ენერგეტიკული კრიზისისთვის მზად არის და ნავთობის მარაგები შევსებულია.„უკრაინელები საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის იბრძვიან. ამიტომ, ჩვენ უკრაინელების ვალი არ გვაქვს, აბსოლუტურად არაფრის ვალი. უკრაინის არც ჯარისკაცების, არც იარაღის, არც ფულის და არც ევროკავში წევრობის ვალი გვაქვს. უკრაინელებმა იციან, უნგრეთში თუ დარჩება სუვერენული ეროვნული მთავრობა, უნგრეთი ომში არ ჩაერთვება, ჯარისკაცებს არ გაგზავნის უკრაინის ფრონტზე, არ დაუშვებს უნგრელი ხალხის ფულის იქ წაღებას და უკრაინელები ვერასდროს გაწევრიანდებიან ევროკავშირში. შემიძლია, აქვე განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ შესაძლო ენერგეტიკული კრიზისისთვის, რეზერვები შევსებულია, მივაღწიეთ შეთანხმებებს სლოვაკებთან და სერბებთან. ჩვენ მოვიგერიებთ ნავთობის ბლოკადას, მოვიგერიებთ ამ თავდასხმას უნგრეთზე. ამავდროულად, წარუმატებლობის დანახვის შემდეგ, უკრაინელებმა გადაწყვიტეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასიკვდილო მუქარა გააჟღერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ. ერთი მხრივ, ეს ინდივიდის კულტურის ნაკლებობის დასტურია, მეორე მხრივ, აჩვენებს, როგორები არიან სინამდვილეში უკრაინელები. ძვირფასო მეგობრებო, ისინი ასეთ შანტაჟს ახორციელებენ და ემუქრებიან, მაგრამ ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ბანდიტები, გვახსოვს უკრაინული მაფია. ახლა იგივე ხდება, მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე“, – განაცხადა სიიარტომ.

ალექსანდრ სტუბი – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა. ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს.სტუბის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ შესაძლოა, უკრაინას გარკვეული უპირატესობა მისცეს, რადგან ეს ვითარება ხელს უშლის რუსეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობას.სტუბის თქმით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები, ასევე თეირანის საპასუხო შეტევები ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთსა და ირანს სარაკეტო და თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში სრულფასოვანი თანამშრომლობა უჭირთ.„ირანი და რუსეთი ახლა ვერ ახერხებენ თანამშრომლობას სარაკეტო და თავდაცვითი ინდუსტრიის მიმართულებით”, – განაცხადა სტუბმა.მისივე თქმით, გლობალური ყურადღების ირანისკენ გადატანამ შესაძლოა, უკრაინის საკითხზე დიპლომატიური პროცესისთვის სივრცე შექმნას.„ამან შეიძლება, მოლაპარაკებების პროცესს გარკვეული შესაძლებლობა მისცეს, რათა მოლაპარაკებების მონაწილეებმა შეძლონ რაიმეს მოფიქრება მაშინ, როცა ისინი მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღარ არიან”, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.ამასთან, სტუბის თქმით, რუსეთს უკვე აქვს ორი ქარხანა, სადაც ირანული ტექნოლოგიების გამოყენებით „შაჰედის“ ტიპის დრონებს აწარმოებენ.ფინეთის პრეზიდენტის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შესაძლო უარყოფითი შედეგი შეიძლება, იყოს ნავთობის ფასების ზრდა, რაც რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებს.„ნავთობის ფასების ზრდა, ფაქტობრივად, რუსეთის ომის მანქანას დააფინანსებს, რადგან რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია”,- განაცხადა სტუბმა.ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, უფრო ადრე დასრულებულიყო, თუ კიევს საჰაერო თავდაცვის სფეროში ისეთივე ძლიერი მხარდაჭერა ექნებოდა, როგორსაც სპარსეთის ყურის რეგიონი იღებდა ახლო აღმოსავლეთში ომის პირველი შვიდი დღის განმავლობაში.სტუბმა სამხედრო ხარჯებიც შეადარა და აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის პირველ კვირაში სამხედრო ოპერაციებზე დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით იმ თანხას უტოლდება, რასაც ევროპული ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე ერთ წელიწადში ხარჯავენ.

ირაკლი კობახიძე – სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები

მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. მშობლები თუ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.კობახიძის განმარტებით, შეიძლება, იყვნენ მშობლები ეთნიკურად ქართველები, მაგრამ თუ არ არიან მოქალაქეები, მათმა შვილმა უნდა მიიღოს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობა და ეს არის სტანდარტული წესი, რაც ყველა ქვეყანაში მოქმედებს.„პროცედურების გამარტივება ამ კუთხითაც შესაძლებელია. ამაზე გვქონდა საუბარი იუსტიციის  მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ერთია მოქალაქეობის მინიჭება, მეორეა მოსახლეობის ზრდა, რადგან ეს ადამიანი თუ არ ჩამოვიდა ფიზიკურად საქართველოში, მოსახლეობის ზრდაში ვერ ჩაითვლება.„რაც შეეხება ქართველებს, რომლებიც თავის დროზე იქნენ გადასახლებული ან სხვა კუთხით მოხვდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუკუნეების წინ, აქ შეიძლება კონსულტაციების გავლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მიდგომით უნდა წავიდეთ. ისინი, როგორც წესი, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. არის, მათ შორის, მეზობელ თურქეთში მილიონობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც.რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი. მათ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ. ადამიანს თუ უნდა ფიზიკურად საქართველოში დაბრუნება, ამისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. 2022 წლიდან საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. დღემდე ცხოვრობს საქართველოში 40 000 ქართველი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გუბაზ სანიკიძე გამოკითხვის შემდეგ – შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით – არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები, თუმცა პასუხი ვერ გასცეს

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.სანიკიძე სუს-ის გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებასთან კითხვები თავადაც ჰქონდა, თუმცა, პასუხები ვერ მიიღო.„შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს",- განაცხადა სანიკიძემ.მან ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებს პასუხი არ გასცა, მათ შორის იმას, შესაძლოა თუ არა, ის ბრალდებულის ამპლუაში აღმოჩნდეს.გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, რომლის პოზიციაც ჯერ ცნობილი არაა. ასევე, გამოიკითხებიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი. ჩვენებას ისინიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა".ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მარიამ ქვრივიშვილი – უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და საშუალოდ მშპ-ს ერთ პროცენტს

ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახებოდეს მისი და არა უცხო ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობაზე.  ეს არის ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე” გამართულ დებატებში.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე – სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.„უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და ის საშუალოდ მშპ-ს ერთი პროცენტია. ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 300 მლნ ლარის შემოსავალს იღებს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15,500 ლარს იხდის, ასევე სხვა დამატებით სექტორებში 16,300 ლარს ხარჯავს,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის ინფორმაციით, ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოელების სხვა სეგმენტზეც, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტებად და შემდეგ, დარჩნენ საქართველოში და დასაქმდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა ძალიან გახშირდა, შედეგად, მთავრობამ შემოიღო საქართველოში უცხოელთა დასაქმების რეგულირება, რომლის თანახმადაც ინვესტორს, ქართველი იქნება ის, თუ უცხოელი, მოუწევს შესაბამისი სამთავრობო უწყებისთვის იმის დამტკიცება, რატომ აჰყავს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქე და არა ადგილობრივი პერსონალი. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობის ეს წესი ემსახურება იმას, რომ დასაქმებისას საქართველოში, პირველ რიგში, ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

ბოლო სიახლეები