მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა, გემში იმყოფებიან აქტივისტებიც, – ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლოტილიის თავისუფლების კოალიაციაში“ განაცხადეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთ გემზე გაჩენილი ხანძარი, თუმცა არ არის მითითებული, ვინ შეიძლება, ყოფილიყო თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
„დრონით თავდასხმა, როგორც ჩანს, კონკრეტულად გემის გენერატორისკენ იყო მიმართული და ახლა გემი შესაძლოა, ჩაიძიროს. გემზე 30 საერთაშორისო უფლებადამცველი აქტივისტი იმყოფება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.