აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ არაბულმა ქვეყნებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დააფინანსონ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევიტს ჰკითხეს, არის თუ არა დონალდ ტრამპი დაინტერესებული, რომ არაბულ ქვეყნებს მოუწოდოს, დააფინანსონ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში, რაზეც ლევიტმა აღნიშნა, რომ არ სურს მოვლენებს წინ გაუსწროს, თუმცა ტრამპს ეს იდეა აქვს.
„ეს იდეა, ვიცი, მას აქვს და ამის შესახებ მისგან კიდევ ბევრს გაიგებთ“, – აღნიშნა მან.
ლევიტს ასევე ჰკითხეს ომის ხანგრძლივობაზეც. მისი თქმით, პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია დაახლოებით ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა.
„დღეს ოცდამეათე დღეა. ასე რომ, გამოთვალეთ, რამდენი დრო რჩება პენტაგონს ოპერაცია ეპიკური მრისხანების მიზნების სრულად მისაღწევად“, – განაცხადა ლევიტმა.

