არ მგონია, პუტინისა და მადუროს სატელეფონო საუბარი საერთოდ შემაშფოთებელი იყოს პრეზიდენტი ტრამპისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ლევიტს ჰკითხა, თუ რას ფიქრობს დონალდ ტრამპი რუსეთისა და ვენესეულის პრეზიდენტების სატელეფონო ზარზე, რა დროსაც პუტინმა მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საპასუხოდ, ლევიტმა აღნიშნა, რომ ტრამპი სატელეფონო საუბრით შეშფოთებული არ არის.
ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა ვენესუელას მიმართ შეაფასა, როგორც აშშ-ში „არალეგალური ნარკოტიკების შემოდინების შეჩერება“ და სანქციების დარღვევის შეჩერების მცდელობა. მისიე თქმით, გემს, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კარიბის ზღვაში დააკავა სამართლებრივი პროცესის შემდეგ მის ბორტზე არსებულ ნავთობს ჩამოართმევენ, თავად ტანკერს კი აშშ-ის პორტში გადაიყვანენ.
„ტრამპმა ეს ძალიან ნათლად თქვა. მას მშვიდობა სურს. მას ასევე სურს, რომ შეერთებულ შტატებში უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი ამერიკელის სიცოცხლის შეწირვა დასრულდეს. აშშ აპირებს ნავთობის ჩამორთმევას, თუმცა ამ ნავთობის ჩამორთმევის სამართლებრივი პროცესი არსებობს“, – აღნიშნა ლევიტმა.
ცნობისთვის, დღეს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზარდი გარე ზეწოლის ფონზე მოსკოვი კარაკასის გვერდში დგომას გააგრძელებს.

