„ქართულ კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.
ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩში, რომელიც „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართა, უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ, რაც შედეგშიც აისახა და დირკ შუსტერის გუნდი შესვენებაზე სოლიდური სხვაობით გავიდა.
22-ე წუთზე ანგარიში საბა კვირკველიამ გახსნა, ოთხ წუთში კი გიორგი კოხრეიძემ თბილისელთა მცველის შეცდომით ისარგებლა და „ტორპედოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ქუთაისელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ 45+5-ე წუთზე თბილისელთა კარში დანიშნული პენალტი ბიორნ იონსენმა ვერ გამოიყენა – ბურთი „დინამოს“ მეკარე მიშიკო მაქაცარიამ მოიგერია.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა – „ტორპედომ“ 2:0 გაიმარჯვა, რაც გუნდისთვის სეზონში პირველი მოგება იყო. ქუთაისელები 8 ქულით მე-7 ადგილზე არიან, „დინამო“ (11 ქულა) კი მე-6 პოზიციაზეა.