ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა.

25-კაციანი საარჩევნო სია თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ წარადგინა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პოლიტიკური გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული.

კალაძის თქმით, თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე დედაქალაქის საკრებულოს წევრებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი.

„2 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება და მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პროდუქტიულად წარვმართოთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან, გავაცნოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა და პროექტები, გავაცნოთ საკრებულოს წევრობის კანდიდატები, ვინც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებაში. გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული – ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას. თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე, ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხორციელება კვალიფიციური გუნდის გარეშე შეუძლებელია.

„ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, შვიდივე პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესება, შეუძლებელი იქნება კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე ქალაქის საკრებულოში. მხოლოდ მე, მხოლოდ მერია ვერ შეძლებს იმ დიდი მიზნების მიღწევას, რომლებიც დასახული გვაქვს. ამიტომ, აუცილებელია, მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ საკრებულოს სიას, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს, რათა საკრებულოში გვქონდეს მყარი უმრავლესობა და ახალი ენერგიით შევუდგეთ ჩვენი ქალაქის მომავლის შენებას, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს „ქართული ოცნების“ გუნდს დაუჭერენ.

„არავის აქვს უფლება თბილისის ინტერესები პოლიტიკურ პოლემიკას შესწიროს. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თბილისის საკრებულო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელოვნური ბარიერების შესაქმნელად, ჩვენი ქალაქის განვითარების შესაფერხებლად გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ, თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აირჩევენ ჩვენი ქალაქის მომავალს, აირჩევენ განვითარებას, მხარს დაუჭერენ ჩემს გუნდს საკრებულოში და იმ გზას, რომელსაც 2017 წელს დავადექით და რომლის შედეგად, თბილისი დღეს ბევრად მწვანე, კომფორტული, ლამაზი და ჯანსაღი ქალაქია. წინ კიდევ უფრო დიდი საქმეები გველის – საქმეები, რომელიც სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, თქვენი მხარდაჭერითა და ჩართულობით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სლოგანი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თითოეული უბნის განვითარებას გულისხმობს.

„ჩვენი სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს. ამ საქმეში, დღეს წარმოდგენილი ადამიანების როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ არიან:

1. ლევან ჟორჟოლიანი; 2. ოთარ გრიგოლია; 3. თინათინ ნიბლოშვილი; 4. გიორგი ჩაკვეტაძე; 5. ნიკო კახეთელიძე; 6. ნინო ვარდოსანიძე; 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იენს-ფრედერიკ ნილსენი – გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს

გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა, არ სურს, შტატების ნაწილი იყოს, ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.კოპენჰაგენში შეკრებილ დაახლოებით 300 გრენლანდიელთან სიტყვით გამოსვლისას ნილსენმა ხაზი გაუსვა ერთიანობის აუცილებლობას.„2026 წელი ჩვენს ქვეყანაზე დიდი აქცენტით იწყება. იმდენად დიდი აქცენტით, რომ 2025 წელი შორს ჩანს. თუმცა, მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არჩევნები გვქონდა და ასევე მას შემდეგ, რაც გრენლანდიაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გვქონდა. ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. და ახლა აქ ვდგავართ. დრო მოითხოვს, რომ ჩვენ ერთად დავდგეთ და ნათლად განვაცხადოთ იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანობის დროა და არა შიდა განხეთქილებისა და დისკუსიების. როგორც ვთქვი, გრენლანდიას არ სურს აშშ-ის საკუთრებაში ყოფნა. გრენლანდიას, არ სურს აშშ-ის მიერ მართვა და კონტროლი. გრენლანდიას არ სურს, აშშ-ის ნაწილი იყოს. ჩვენ ვირჩევთ გრენლანდიას, როგორც დანიის სამეფოს ნაწილს. გრენლანდიას სურს თანამშრომლობა, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია და პატივისცემა“, – განაცხადა ნილსენმა.

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. სლოვენია-საქართველო 11:223:4, 5:4, 2:6, 1:8საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაცი (2), ვლაჰოვიჩი (2).

ვახტანგ ცინცაძე – ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც, ცინცაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც.„ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, მათი მიზანია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება.„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან

საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის აქტორების ხილვით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, ვინ დგას „ბიბისის“ ცილისმწამებლური ფილმის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ BBC-ის მიმართ საჩივრით გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან, მათ შორის იმ კამპანიის მონაწილეების ხილვით, ვინც ჩართული არიან ამ ცილიმწამებლური ფილმის და ზოგადად პუბლიკაციების საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში. გასაჩივრების პროცესი ალბათ ნაკლებად შეძლებს ამის გამოვლენას. ჩვენ რასაც მოველით, არის ის, რომ „ბიბისიმ“ საკუთარი დარღვევები აღიაროს და შეძლებისდაგვარად შეეცადოს ამის გამოსწორებას, პუბლიკაციების წაშლით და ბოდიშის მოხდით. რაც შეეხება კითხვას, ვინ დგას ამის უკან – ჩვენ ვხედავთ და შეგვიძლია, ეს ვივარაუდოთ იმ აქტორების ხილვით, რომლებსაც ვხედავთ და, რომლებიც იყენებენ ამ ცილისმწამებლურ პუბლიკაციებს საქართველოს დასაზიანებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ბოლო სიახლეები