გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილთან დაკავშირებით გავრცელდა.
მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის“.
„ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიფ სთეითის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.
ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ავრცელებს.