ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ოთხი ქვეყანა, რომლებიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან. როგორც „უნიანი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია აღარ არის საიდუმლო. „აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია – ისინი იყვნენ გულწრფელები, მათ არ სურდათ ჩვენი ნახვა ნატო-ში. ეს არის ღია საუბარი. ვფიქრობ, საიდუმლო არ არის, რომ ეს არის ის ოთხი ქვეყანა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ ხედავდნენ უკრაინას ნატო-ში“, – თქვა ზელენსკიმ.

VIDEO: ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს, რომლითაც „ნაპოლის“ გულშემატკივრებს მადლობას უხდის. „ნაპოლი“ ჩემთვის სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. პირველი გოლი და განცდები, არასდროს დამავიწყდება - ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სტადიონზე, თქვენი გიჟური ემოციები და მუხტი, რომელიც განსაკუთრებული იყო. ნაპოლი საფეხბურთო ქალაქია, ნაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და მიხარია, რომ ამ დიდი ისტორიის ნაწილი მეც გავხდი. აქ ბევრი რამ ვისწავლე, როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა. ჩემთვის საპატიო იყო ამ მაისურის ტარება“.

„სახიფათო ილუზია იყო, რომ ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ჩაანაცვლებდა“ – აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს

მომავალი სახელმწიფო მდივანი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას აანონსებს. პოსტზე ტრამპის წარდგენილმა კანდიდატმა მარკ რუბიომ ხედვა სენატში გამართული მოსმენისას ჩამოაყალიბა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამერიკელი კანონმდებლები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ტრამპის სამოქმედო გეგმას რუბიოსგან ეცნობოდნენ. მომავალი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სახიფათოა მსოფლიოში არსებული ლიბერალური დღის წესრიგი, რომელიც სახელმწიფოებს აიძულებს სუვერენიტეტზე და იდენტობაზე უარი თქვან. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის კანდიდატმა NATO-ზე ისაუბრა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ინტერესშია, დასავლელი მოკავშირეების მიერ თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდა. უკრაინის საკითხზე პოზიციის ჩამოყალიბებისას, მარკ რუბიომ აღნიშნა, რომ არარეალისტურია უკრაინამ ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ძალები იმ პოზიციებზე დააბრუნოს, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ამერიკის მიზანი ომის დასრულება უნდა გახდეს. რუბიოს თქმით, ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ უკრაინას დაფინანსება კი არა, უკრაინელები ეწურება და უკრაინის აღდგენას თაობები დასჭირდება. მომავალი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ქვეყანაში ნგრევის კოლოსალური დონეა და ამის აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. რუბიო უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართულობას აანონსებს. ამბობს, რომ ამ პროცესში შესაძლებელია რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა ან მათმა მოხსნამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.

თამარ ჩიბურდანიძე მარკო რუბიოს განცხადებაზე: როდესაც ორი ქვეყნის პოლიტიკის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტი და იდენტობაა, ანუ ღირებულებითი თანხვედრაა, პარტნიორობა პოზიტიურად შესაძლებელი ხდება. ჩვენც სწორედ ამას...

„მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია“ – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნებმა არ უნდა თქვან უარი სუვერენიტეტსა და იდენტობაზე. მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ახალი ურთიერთობები იწყება, რომელიც უფრო კარგი იქნება ვიდრე აქამდე. თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, რომ მარკო რუბიოს განცხადებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ თანამშრომლობას შეძლებს როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან. „დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მარკო რუბიომ განაცხადა -“სახიფათო იყო იმის დაჯერება, რომ კაცობრიობა სუვერენიტეტსა და იდენტობაზე უარს იტყოდა, რათა ლიბერალიზმის სანაცვლოდ მსოფლიო მოქალაქე გამხდარიყო”. ამ სიტყვების მიღმა დგას იმ ლიბერალიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი სტრატეგია, რომელსაც მივყავდით გლობალიზაციის პიკურ სუბსტანციამდე და რომელიც ერი-სახელმწიფოების იდენტობას სრულად შთანთქავდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავუპირისპირდით არა დასავლეთს, არამედ, ლიბერალიზმის ფაშისტურ გამოვლენას, რომელიც იყო შედეგი არა ნაციონალიზაციის, არამედ, უკვე გლობალიზაციის. მარკო რუბიოს განცხადება იმედის მომცემია იმ მხრივ, რომ როდესაც ქვეყნებს შორის საუბრის ღერძი სუვერენიტეტი და იდენტობაა, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია. საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ეს იქნება ბევრად უფრო კარგი, ვიდრე აქამდე. თუმცა, არც გადამეტებული მოლოდინები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ ღირებულებათა თანხვედრა ორი ქვეყნის პარტნიორობას პოზიტიურად თანამშრომლობითს გახდის. ჩვენც სწორედ ამას ველით 20 იანვრის შემდეგ. თუკი ბაიდენის ადმინისტრაცია დემოკრატიის დროშის ქვეშ, სუვერენულ სახელმწიფოებზე “ლიბერალურ ძალადობას” ახორციელებდა, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა უარი არ უნდა თქვან სუვერენიტეტსა და იდენტობაზე ლიბერალიზმის მიერ შეთავაზებული “მსოფლიო მოქალაქეობის გამო”. მარკო რუბიოს ასეთი დამოკიდებულება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოს, საკუთარი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე, შეეძლება დასავლეთთან და აღმოსავლეთთან პარტნიორული თანამშრომლობა. ეს არის ბოლო პერიოდის ურთულეს პროცესებში საქართველოს ახალი მიღწევა და გვჯერა, არსებული ხელისუფლების პირობებში, ეს პოზიცია შენარჩუნებული იქნება,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ვაშაძე – მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ახალ გარემოებებში უნდა ჩატარდეს, ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში

ჩვენ მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია, მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც, მნიშვნელოვანია, ახალ გარემოებებში ჩატარდეს, სწორედ ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი. „პრინციპში, ჩვენი მხრიდან მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია. მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის და ეს არის ერთადერთი გზა ქაოსის, იმ დაპირისპირების თავიდან არიდებისა, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოებებში ჩატარდეს ეს არჩევნები. საუბარია როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციასა და ერთი პარტიის წნეხისგან გათავისუფლებაზე, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს. პრინციპში, ამაში შეჯერებული ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას, რათა მოხდეს ვითარების ნორმალიზება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბოლო სიახლეები