კვირა, ივლისი 6, 2025

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე ამჯერად, დედაქალაქის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, ვარკეთილის დასახლებას ეწვია.

თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატები ვარკეთილის ზემო პლატო, მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და N25-N26 საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სკვერი დაათვალიერეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამავე მისამართზე, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაპროექტდა და მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ველობილიკი, ატრაქციონები და ფიტნეს ზონა.

„პირობას გაძლევთ და ვპირდები თბილისს, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, ვიშრომებთ კიდევ უფრო თავდაუზოგავად, გვაქვს ამბიცია, რომ ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენთვის არ არსებობს გარკვეული უბნები, რომელთაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა – ყველას თანაბრად ვუნაწილებთ არსებულ ბიუჯეტს და ყველა რაიონთან და უბანთან მიმართებაში, თანაბარი მიდგომა გვაქვს. ჩვენი საარჩევნო სლოგანია „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ამ სიტყვების უკან დგას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და ხედვა, რომელსაც საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენ. ამ ყველაფერს მხოლოდ მე ვერ გავაკეთებ, რადგან მნიშვნელოვანია, ძლიერი გუნდი საკრებულოში, პროფესიონალი ადამიანები მერიაში და რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ და რევაზ სოხაძემ დღესვე, დაათვალიერეს ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში არსებული დასასვენებელი სივრცე. ასევე, გაეცნენ სუხიშვილისა და თაყაიშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას გაესვა ხაზი. აღინიშნა, რომ დასასვენებელი სივრცის გარდა, ამავე ტერიტორიაზე ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შადრევანი და ატრაქციონები მოეწყობა.

კანდიდატები ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N1-N2-N3 და N9 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყო. გარდა ამისა, თბილისის მერობისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, N420 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული რეკრეაციული სივრცეც დაათვალიერეს, რომელიც მიმდინარე წელს მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული მოედნის რეაბილიტაციაც.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, გაკეთდა იმდენი რამ, რაც ქალაქში არასდროს გაკეთებულა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით უნდა ვიმუშაოთ და ვარკეთილის დასახლებაში კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ბედნიერი ვარ, რომ ვარ ამ გუნდის წევრი, მაქვს საშუალება, მათთან ერთად, ყველა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობა მივიღო და ჩემი წვლილიც შევიტანო. თქვენ, სამგორელებს უნდა გქონდეთ იმის ამბიცია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო უბანში იცხოვროთ და ვარკეთილი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საცხოვრებელი უბანი გახდეს.  დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან პროექტებში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრივ კი, მაქსიმალურად დავიხარჯებით იმისთვის, რომ გემსახუროთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები