ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

“ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა – ეს იყო დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი – კობახიძე

“ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს – მმართველ პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განცხადებით მიმართა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადობა გადაუხადა.

“მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყრილობის თითოეულ დელეგატს, მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებს, მივესალმები საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე, მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის. ქალბატონებო და ბატონებო, ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა:სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.

ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის – საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება.

სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი – ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა; ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის – მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რომან კაკულია – „მეგობარი აქტით“ გვედავებიან, რომ დემოკრატიის ხარისხი კრიტიკას იმსახურებს, რა თქმა უნდა, იმსახურებს კრიტიკას, თუმცა არა ისეთს, როგორც არის და ჩვენც გვაქვს...

„მეგობარი აქტის“ შეფასებაში ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ერთადერთ რამეზე, შეძლებს თუ არა ჩვენი საზოგადოება, შინაგანად გამოიმუშაოს თვისება, რომ რამე დოკუმენტის, თუ პოზიციის ოფიციალური წარმოჩენა როდესაც ხდება ჩვენ წინაშე, მარტო რაც ითქმება, იმის მიხედვით გავაკეთოთ დასკვნები, თუ დავფიქრდეთ ხოლმე, ამის უკან რამე სხვა მოტივაცია ხომ არ დგას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მოდით, ერთი სათაურის ქვეშ მოვაქციოთ ის, რაზეც ისინი გვედავებიან ამ დოკუმენტით და დავარქვათ მას დემოკრატიის ხარისხი, არჩევნების თემა და გნებავთ ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან აქ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში, ამას დავარქვათ დემოკრატიის ხარისხი და ისინი დაობენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი კრიტიკას იმსახურებს. კი ბატონო, დემოკრატიის ხარისხზე ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ, ალბათ, მისი სრულყოფაც შეიძლება და რა თქმა უნდა, ის იმსახურებს კრიტიკას, თუმცა არა ისეთს, როგორც არის. მაგალითად, 50-ივე პოლიტპატიმარი როგორ არის ახლა? შეიძლება, არც სამართალწარმოების უმაღლესი სტანდარტით არის ყველა საქმე გაკეთებული, მაგრამ ჩვენ რაც ვნახეთ, შეტევები პოლიციელებზე, ეს არ არსებობდა? აქაც გაზვიადებულია ეს, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი შეკითხვა? მთავარი შეკითხვაა, ეს მთავარი მიზეზი, თუ საბაბია, რათა შემდეგ დავუშვათ, მიღწეული იქნას მთავარი შედეგი და მთავარი შედეგი რა არის? თუ პროქსი ომი უკრაინის და რუსეთის შემთხვევაში არსებული რეალობა იყო, როგორც თავად ტრამპი ამბობს, ხომ არ არსებობს იმის სურვილი, რომ საქართველოში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შეიძლება, დღეს არ იყოს საჭირო მეორე პროქსი ომის წარმოება, კი ბატონო, მაგრამ იდეაში, ესენი რომ გვანან ისეთ ხელისუფლებას, რომელიც პროქსი ომის თემაში გამოგყვება და შენი ინტერესების ბოლომდე გამტარებელი იქნება, ეს ეჭვი რომ არსებობდეს, ამის უფლება ხომ გვაქვს?“, – განაცხადა კაკულიამ.„მინდა, მათ ერთ-ერთი მთავარი მოწოდება შევახსენო ლიბერალიზმზე, რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ უნდა გვქონდეს, რომ ამაზე ააშენეს დასავლეთი და ამ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს; რომ დემოკრატიის ხარისხის კრიტიკა, რომელიც არის თითქოს მთავარი განხილვის საგანი ჩვენთან მიმართებაში, ჩვენც გვაქვს ინტერესი, რომ დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდეს, სიამოვნებით შევიდოდით კონკურენციაში, დავუშვათ, შეიქმნებოდა ახალი ძალა და უნდა შეიქმნას კიდეც, რომელიც კონკურენციაში შევა „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ამ კონკრეტულ ძალას უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად რეალისტური წარმოდგენა იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ნიშნავს, რომ არ გვინდოდეს, პროქსი ომში ჩათრეული ქვეყანა ვიყოთ და ეჭვი მაინც გვქონდეს, ვინმეს ხომ არ აქვს ეს ინტერესი. იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან და რაღაც საოცრებას წარმოადგენენ? უბრალოდ, მათი ინტერესი ასეთი შეიძლება, იყოს“, – განაცხადა კაკულიამ.მისი თქმით, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს, რომ მაგალითად, ურთიერთობის გადატვირთვა გვინდა ამერიკასთან, ვთქვათ, მიიღეს ეს აქტი, ან არ მიეღოთ, მთავარი ის არის, ამერიკას რა პოლიტიკა შეიძლებოდა, ჰქონოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ.„ეს გამოვიდოდა იმ სისტემიდან, რომ თუ შეკავების პოლიტიკა შევიდა ძალაში და ის შევიდა ძალაში, მაშინ რუსეთის მთავარი მიზანი ხდება, გახდეს დომინანტი ამ რეგიონში, ამერიკის მთავარი მიზანი კი ხდება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეს მას იმის საშუალება, ის გახდეს დომინანტი ამ შემთხვევაში“, – განაცხადა კაკულიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ხელისუფლების განცხადებებს, რომ აქვთ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ მან ბოლომდე ვერ გაიგო, რას ნიშნავს გადატვირთვის პოლიტიკა.„გადატვირთვის პოლიტიკა თუ ნიშნავს ურთიერთობას აშშ-თან, ამას არსად არ მიაქვს ის მთავარი შეკითხვა, კარგი ურთიერთობა რას ნიშნავს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის ამბიციას, იყოს დომინანტი ამ რეგიონში და ჩვენ აღმოგვიჩენენ სათანადო მხარდაჭერას, რათა რუსეთის სივრციდან მოვწყდეთ და დასავლეთის ჩვენს მისწრაფებას ვუპასუხოთ? ამას ნიშნავს გადატვირთვა და კარგი ურთიერთობა? და უკრაინის მაგალითი? ჩვენ ასე რომ გვეფიქრა, ის პროქსი ომი ტყუილად არ გავიხსენე, ამის საფუძველს არ გვაძლევდა, ხომ? ამიტომ, ჩემთვის ისედაც გაუგებარია, რას ნიშნავს გადატვირთული ურთიერთობა ამერიკასთან. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მაინც აღდგენა დასავლეთთან ურთიერთობის. ამას წინათ, ბატონი დავითაშვილი იყო შტატებში და რომ ჩამოვიდა, მის კომენტარში ერთი საინტერესო მომენტი მომხვდა ყურში და დავიმახსოვრე. სწორი თქვა მან, როდესაც განაცხადა, ამერიკა დღეს თავისი საგარეო პოლიტიკის ფორმირების დროს ეკონომიკურ თემას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებსო. ეს იყო ჩვენი ნიშა, მაგრამ ამ ნიშასთან შენ ვერ მიხვალ, თუ ის ძირითადი გეოპოლიტიკური თემა არ გადაწყდა, ანუ შეკავების პოლიტიკაში ამერიკა რა პოლიტიკას ირჩევს რუსეთთან მიმართებაში და რა როლს მოგანიჭებს შენ, მთავარი გადასაწყვეტი ეს არის“, – განაცხადა კაკულიამ.ამასთან, კაკულიამ აღნიშნა, რომ რუსეთი გაძლიერდა და მას არსად არ გაუქრება პრეტენზია, იყოს დომინანტი ჩვენ რეგიონში და ამერიკა თუ მას ამის უფლებას მისცემს, ეს ჩვენთვის პრინციპში, არ არის მისაღები თემა, რადგან რუსეთს დღეს შეიძლება, ჩვენთვის არ სცალია, მაგრამ ხვალ და ზეგ მისი ამბიციები სადამდე მივა, ეს გასაგებია.„ისე გვიხსნიან ამას, თითქოს ვინმემ არ იცოდეს ეს, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, ამის დამაბალანსებელი ძალა დასავლეთიდან რომ ვერ ვიპოვეთ, ამან გვაიძულა, შეგვემუშავებინა ისეთი პოლიტიკა, რომელიც შეიძლება, მათთვის გასაგები და მისაღებიც არ იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ის დასავლეთის კრიტიკაზე იყო დაყრდნობილი, იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ ვერ დაგვეხმარებოდნენ, ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა და ამიტომ თუ დაარქმევ ახლა ამ პოზიციას პრორუსულს, კი ბატონო, ეს შედის რუსეთის ინტერესებში, რადგან ის მიმართულია დასავლეთის კრიტიკისკენ“, – განაცხადა კაკულიამ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ახლა რუსები ითხოვენ გარკვეულ პირობებს, დათმობებს კონფლიქტის დასასრულებლად. მიგვაჩნია, რომ ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინასაც. უნდა ვიკითხოთ, რა სჭირდებათ მათ ამ კონფლიქტის წარმატებით დასასრულებლად“.„შეიძლება, ჯეი დი ვენსი მართალია. ჩვენ მივდივართ იმ წერტილამდე, სადაც ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდება. ამით კმაყოფილი არ ვარ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„საქართველოში, სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი, 8 წლის ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდა…“ – რას ჰყვება დედა, რომელმაც შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანა

ჟურნალისტი და ბლოგერი ლიკუნა მეგუთნიშვილი ჰყვება, რომ მის 8 წლის შვილს საქართველოში ექიმებმა ფარისებრ ჯირკვალთან რამდენიმე პათოლოგიური წარმონაქმნის დიაგნოზი დაუსვეს და ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ავთვისებიანი სიმსივნე ყოფილიყო. თუმცა, თურქეთის კლინიკაში გადამოწმებისას, აღმოჩნდა რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.„რატომ დავიწყე გამოკვლევების ჩატარება? ამის მიზეზი არის ის, რომ დაეწყო ოფლიანობა. ალექსანდრა არის 8 წლისა და 6 თვის დაახლოებით. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ნორმალური. თურმე ამ ასაკში ბავშვებს დაწყებული აქვთ მომწიფების პერიოდი და ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური“, - აცხადებს მეგუთნიშვილი და დიაგნოზს დეტალურად აცნობს საზოგადოებასმისი თქმით, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ ექიმმა ის კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა.„ოთახში ვისხედით ბავშვთან ერთად და ენდოკრინოლოგი მეჩხუბება ასეთ რაღაცას: შეიძლება, 90–95% შეიძლება ეს იყოს კეთილთვისებიანი, მაგრამ დანარჩენი პროცენტი ავთვისებიანი... მომენტალურად გავხდი ცუდად. ეს იყო წარმოუდგენელი რამ ჩემთვის. დავდექი საშინელი ფაქტის წინაშე. ბავშვმა დაინახა ტირილი რომ დავიწყე და მას შემდეგ ყოველ დღე თვალებში მიყურებდა — დე, თვალი სველი გაქვს? დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩავატარეთ ძალიან ბევრი ანალიზი...“ - ვიდეოში მშობელი ჰყვება, რომ მათ გადაწყვიტეს ანალიზები კიდევ სხვა ექიმთან გადაემოწმებინათ. თუმცა, დიაგნოზი უცვლელი დარჩა.პაციენტის ოჯახს ახლა უთხრეს, რომ ფარისებრ ჯირკვალთან არსებობდა ჯამში 4 წარმონაქმნი, რომელიც საშიში იყო.„უკვე გადავწყვიტეთ, რომ მივდივართ თურქეთში. ექიმს ვეუბნები, რომ მივფრინავდით თურქეთში გადასამოწმებლად და ამ დროს მიკარგავს ყველანაირ იმედს. მეუბნება ასეთ რაღაცას: თურქეთში წასულან ჩემგან პაციენტები, ვერ დაუსვიათ დიაგნოზი. იგივე პაციენტი წავიდა ისრაელში და იგივე დიაგნოზი უთქვამთ რაც მე.ჩავედით თურქეთში, კლინიკაში. ბოლოს კი ყველაფერი დასრულდა იმით, რომ თვითონ ფარისებრი ჯირკვალი იყო ოდნავ ზომაში გაზრდილი. ეს არ იყო არანაირი პათოლოგია, ეს იყო ვირუსის ფონზე“, — ამბობს ლიკუნა მეგუთნიშვილი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო 24 საათში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პოტენციურ ახალ წინადადებაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო 24 საათში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ პოტენციურ ახალ წინადადებაზე.„ვნახოთ, რა მოხდება. ამჟამად ბევრი საუბარია ღაზის შესახებ. ასე რომ, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათში გაიგებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.ისრაელი ღაზაზე თავდასხმას აგრძელებს. გასულ ღამეს, ისრაელმა რამდენიმე საათის განმავლობაში ორჯერ მიიტანა იერიში ღაზაში მდებარე სკოლაზე. ჯამში, 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 46 პალესტინელი დაიღუპა.

„ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ევროკავშირი იმყოფება, საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი არ არის.მისი თქმით, ევროკავშირის მომხიბვლელობა დაწეულია.„ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა არის ევროკავშირი, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. რა თქმა უნდა, აქ მომხიბვლელობა დაწეულია. შევხედოთ ბალტიის ქვეყნებს. გუშინ, ლატვიის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სანამ უკრაინაში ომია, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულიაო. ასე უყურებენ უკრაინელებს, უკრაინის ომს. უკრაინაში ომის გაწელვა სასარგებლოა ლატვიისთვის. ეს გვითხრა დაზვერვის ხელმძღვანელმა, რომ რაც უფრო დიდხანს იქნება ომი, მით უფრო მშვიდად იქნებიან. წარმოიდგინეთ რა მორალური კრიტერიუმებია ზოგიერთ ხელისუფლებაში, რომ ასე ლაპარაკობენ. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებას. თვითონ ნატოს ქოლგის ქვეშ არიან თბილად, ტკბილად და მშვენივრად და ჩვენ, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდნენ რუსეთთან ესკალაციისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები