დე ლა ოსას ქუჩაზე “ეფ ბი აის” თანამშრომლები დღის 13:00 საათზე გამოჩნდნენ. ოფიცრებთან ერთად ქართველი ბიზნესმენის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც შევიდა. ექიმებს 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე მოკლული დახვდათ.
გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის პაატა ყოჩიაშვილმა, 46 წლის ზაზა ოთარაშვილმა და 52 წლის ბესიკ ხუციშვილმა მოდებაძის დაყაჩაღება ერთობლივად დაგეგმეს. სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, მძარცველებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი მსხვერპლის წამების მეთოდიც. მას რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ სიკვდილის მიზეზი თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა გახდა.
მომხდარი მკვლელობის შემდეგ ვუდლენდ ჰილზი დღეს ამერიკული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. დე ლა ოსას ქუჩის მცხოვრებლები რეპორტიორებთან მოკლული მეზობლის შესახებ ჰყვებიან.
ლოს-ანჯელესის პოლიციის მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა ალექსანდრე მოდებაძის სახლი ნაძარცვით დატოვეს. FBI-ის აგენტებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი მკვლელობიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. სამივე მათგანი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული. სასამართლო პროცესების დასრულებამდე თითოეულ მათგანს 2 მილიონი დოლარის გირაო შეეფარდა.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრე მოდებაძე აშშ-ის მოქალაქე იყო და წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. მოდებაძის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებს ბიზნესმენის ვალი ჰქონდათ,რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.