ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

ქალს ქმარმა მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – შემთხვევა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა საპირისპირო ჩვენებები მისცეს. დედა-შვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შემთხვევა ზაფხულში, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, სიტყვიერი შელაპარაკება თავდაპირველად დედამთილსა და ოჯახში სტუმრად მყოფ რძლის დას შორის დაიწყო. აკვანთან მჯდომმა რძალმა საკუთარი დის გაჩუმება სცადა.

დაზარალებული ქალი: „აკვანთან ვიჯექი, ისინი შელაპარაკდნენ… მე ხელით ვუჯიკე ჩემს დას, გაჩერდი-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა… ამ დროს დივანზე იწვა ჩემი ქმარი, წამოდგა და გაშლილი ხელი სახეში ორჯერ დამარტყა, მობილური ტელეფონიც ორჯერ ჩამარტყა თავში…“

დედამთილი: შევლაპარაკდით და ჩემი რძლის და გამოექანა ჩემკენ, რძალმაც ტელეფონი მესროლა. მე ხან ერთს ვურტყამდი ხელს, ხან – მეორეს, ამიტომაც წავიქეცი, თავი რომ დამეცვა, აკვნიდან ჯოხი გამოვაძრე და ვიგერიებდი, არ დამირტყამს… დაზიანებები რძალმა ალბათ დივანზე წაქცევის დროს მიიღო“.

დაზარალებულის ქმარი: „ჩემი ცოლის და გაიწია დედაჩემისკენ, რა დროსაც დედა ოდნავ შეეხო ხელით, წადი, თავი დამანებეო. დედამ არტახის ჯოხი გამოიღო და იგერიებდა ჩემს ცოლს. მე გაშველების მიზნით მოვხვიე ხელები ორივეს და ერთად წავიქეცით დივანზე სამივე, რა დროსაც მიიღო ალბათ დაზიანება ჩემმა ცოლმა. მე მობილური მისთვის თავში არ ჩამირტყამს. მერე ორივეს მოვკიდე ხელი მაჯაზე და გავუშვი გარეთ…“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტარი – მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ – მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ

ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თუ ეს ცნობები სიმართლეა და „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს, მაშინ მათ ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ამბიციაზე უარი თქვეს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვის უნარს გართმევთ, კანს გწვავთ, ხველასა და ღებინებას იწვევს და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის, „კამიტის“ შედეგები. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ცნობებს ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, მისი ევროპაში გამოყენება კვლავ მოხდა. ამ ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ იგი წყლის ჭავლში შეურია და გამოიყენა არა დამპყრობელი არმიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. და რატომ? იმიტომ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია, ევროპული მომავლისთვის, მშვიდობიანი პროტესტი გამართვას ბედავს“, - განაცხადა კრემერმა.მისი თქმით, ევროკავშირმა თავად საქართველოზე უარი არ უნდა თქვას.„მოდით, მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით, საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღიურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ და მოდით, ჩვენს იგივე გავაკეთოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ილია თოფურიას დედა მიმართვას ავრცელებს

UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადის. სპორტულ წარმატებას პირადი კრიზისი მოჰყვა.ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა და 2026 წლის პირველ კვარტალში ჩხუბზე უარი განაცხადა.ილიას ამ განცხადებას, პირველი საჯარო მხარდაჭერა დედამ, ინგა თოფურიამ გამოუცხადა და ილიას პოსტზე დაწერილი კომენტარით შვილს ამხნევებს. მისი თქმით, ილია ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც კი იცნობს.„ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს, უფალმა დაგლოცოს, შვილო“, - წერს ინგა თოფურია.ცნობისთვის,  ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი, ოფიციალურად ითხოვს განქორწინებას და ჩემპიონის ქონების ნახევარს.

OpenAI-მ სურათების გენერირების ახალი მოდელი გამოუშვა

OpenAI-მ გამოსახულებების ახალი გენერატორი ChatGPT Images წარადგინა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოდელი ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე სურათების შექმნისთვის და მათი ზუსტი რედაქტირებისთვის არის განკუთვნილი.ChatGPT Images ფოკუსირებულია გამოსახულების დეტალების შენარჩუნებაზე. გენერაციის სიჩქარე ოთხჯერ გაიზარდა, ხოლო სურათები უფრო რეალისტური გახდა.„ჩვენი გამოსახულების გენერაციის ახალი ფლაგმანური მოდელის წყალობით, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმ შედეგს, რომელსაც წარმოიდგენთ - მიუხედავად იმისა, ქმნით რამეს ნულიდან თუ არსებულ ფოტოს ცვლით“, - აღნიშნეს OpenAI-ში.კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ მოდელში მოწინავე ტექნოლოგიებია გამოყენებული. პარალელურად, კომპანიამ გამოსახულებებთან მუშაობისთვის განახლებული ინტერფეისი წარადგინა. ChatGPT Images ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 16 დეკემბერს გახდა.

NATO დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართულებით – ტატა ხვედელიანი

"ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში უსაფრთხოების მიმართულებით", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი საუბრობს.მისი თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ძალიან სჭირდება სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები."ჩვენს ქვეყანას არსებულ ვითარებაში და არსებული გლობალური პოლიტიკის მოცემულობაში, ძალიან სჭირდება სტრატეგიულად გათვლილი და ასევე, სტაბილური უსაფრთხოების გარანტიები. ნატო, დღესდღეობით, ეს არის უალტერნატივო არჩევანი მსოფლიოში, უსაფრთხოების მიმართულებით," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

კახა კალაძე – რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ, არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე, ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან, შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით...

საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.კერძოდ, კალაძე გამოეხმაურა კაია კალასის იმ განცხადებას, სადაც კალასი ამბობს: „აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსთან განსხვავება იმაშია, რომ აშშ არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას“.კახა კალაძის თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ნათელი გახადა.„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, მას შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ჩვენ არავის უნდა მოვუსმინოთ. რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ – არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან. შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები